ჩვენ 7 არჩევნებში ძლიერად გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში, 2 ოქტომბერს, ასევე ძლიერად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, გონივრული მართვით და ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაცვაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე,
„მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ და დღეს წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატს, ჩვენთვის საამაყო სპორტსმენს, გიორგი ნემსაძეს. კაცი, რომელმაც თავისი შრომით მიაღწია წარმატებას და საამაყოა ჩვენთვის ყველასთვის და კაცი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაუბრუნდეს თავის მშობლიურ ცაგერს და მოემსახუროს ცაგერს და მის მოსახლეობას. მადლობა გიორგის ამ პატრიოტიზმისთვის და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სიყვარულისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოქმედ მერს, ბატონ ავთოს მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვო წარმატება შემდგომ საქმიანობაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს, დამფუძნებელს, მათაც, ვინც 2012 წლის შემდგომ შემოგვიერთდა და ჩვენს დიდი ოჯახს გვერდში დაუდგა. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთგულებით, ჩვენ 7 არჩევნებში ძლიერად გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში, 2 ოქტომბერს, ასევე ძლიერად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, გონივრული მართვით და ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ძალა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე, უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე”, – განაცხადაა პრემიერმა.