გურამ მაჭარაშვილი: მოწინააღმდეგეთა მიზანია, რომ ეს კანონპროექტი „გაშავდეს“; მათთვის შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გამჭვირვალობის რეესტრი არ არსებობდეს – ამიტომ, კანონს ხან „რუსული“ უწოდეს, ხან – „ანტიამერიკული“

მოწინააღმდეგეთა მიზანია, რომ ეს კანონპროექტი „გაშავდეს“. მათთვის შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გამჭვირვალობის რეესტრი არ არსებობდეს. ამიტომ, კანონს ხან „რუსული“ უწოდეს, ხან – „ანტიამერიკული“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტები კანონპროექტის წაუკითხავად აკრიტიკებენ მას, რაც მათ სხვა მიზნებს წარმოაჩენს.

„ბოლო სამი დღეა, შეგნებულად ვთხოვ ჟურნალისტებს, რომ დამისვან კითხვა და შესაბამისი მუხლი მომიყვანონ კანონპროექტიდან – რომელია რუსული ან რომელი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. ამას ვერ ახერხებენ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ასეთი მუხლი იქ არ არის. სამაგიეროდ აქვთ დაზეპირებული ფრაზა, რომ ეს კანონი შემზღუდველია და თითქოს ამით არასამთავრობო სექტორის საქმიანობა იკრძალება – კანონპროექტის მეორე მუხლში წერია, რომ ეს კანონი აიპების და, მით უმეტეს, მედიასაშუალებების საქმიანობას არ კრძალავს.

მეტსაც გეტყვით, იყო საუბარი, რომ ამერიკული კანონი მედიასაშუალებებს არ ეხებოდა. პირიქით, ამერიკული კანონი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. ერთადერთი, ვითომ „დათქმა“ არსებობს, რომ მასობრივ საშუალებებს არ ეხება, ოღონდ აქვე არის პირობა: „თუ ის არ იმართება, ან არ ფინანსდება უცხოური ძალის მიერ“. და თუ არ ფინანსდება, ეს კანონი არც ჩვენთან ეხება. თუ ამერიკელები და ევროპელები ამეორე კანონსაც დაიწუნებენ, რომელიც ამერიკული კანონიდან პირდაპირი თარგმანი იქნება, ეს ნიშნავს, რომ როგორც სახალხო ენაზე ამბობენ ხოლმე, „შარზე არიან“ და ლუსტრაცია და ფინანსური გამჭვირვალობა არ სურთ. მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კანონით გავაგრძელოთ პირველი მოსმენა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Back to top button