უცხოური ძალის გამჭვირვალობის კანონზე ატეხილი ხმაური არის მკაფიო დასტური იმ თეორიის, რომ აღქმებია მთავარი და არა ფაქტები. სწორედ არასწორი აღქმებით ცდილობენ, შექმნან საზოგადოებრივი განწყობა ამ კანონის წინააღმდეგ. ოპონენტები ერთ სიტყვას ვერ დაასახელებენ კანონში, რომელიც რომელიმე დემოკრატიულ სტანდარტს ეწინააღმდეგება. კანონის ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე მეტი ანგარიშვალდებულებაა, – აცხადებს სოზარ სუბარი.
„ხალხის ძალის“ ლიდერმა, POSTV-ის ეთერში საუბრისას, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტსა და აშშ-ის კანონმდებლობის ნათარგმნ ვერსიას შორის არსებულ სხვაობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი გაცილებით მკაცრია, ვიდრე „ხალხის ძალის“ შემუშავებული დოკუმენტი.
სოზარ სუბარმა ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც უპასუხა და თქვა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღებით, ეს ორგანიზაციები დახმარების გარეშე არ დარჩებიან.
„საბუთების წარუდგენლობა მათ არსებობას საფრთხეს არ უქმნის; საქმე ეხება ჯარიმას და არა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას, რომელსაც აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
„ხალხის ძალის“ ლიდერი ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი და ორგანიზაცია გამიზნულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„როცა „ხალხის ძალის“ მიერ შექმნილ კანონს ხინჯი ვერავინ მოუნახა, უბრალოდ იარლიყი ააკრეს, თითქოს არის რუსული კანონი. იმისთვის, რომ ეს სიცრუე გვემხილებინა, სიტყვასიტყვით ვთარგმნეთ ამერიკული კანონი და ისიც დავარეგისტრირეთ. იმედია, საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, სენატორი ჯინ შაჰინი და ჩვენი კანონის სხვა კრიტიკოსები ამერიკულ კანონზე მაინც არ იტყვიან, რუსულია, არადემოკრატიულია და ბენეფიციარების სტიგმატიზებას ახდენსო.
„ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონს ჰქვია „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მის ამერიკულ ანალოგს კი, არც მეტი, არც ნაკლები, „კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ეწოდება. ამ ორი პროექტიდან, ქართული ვარიანტი გაცილებით ლიბერალურია, ამერიკული კანონი კი ბევრად უფრო მკაცრია. და როცა ჩვენს კანონზე ამბობენ, რომ ის მისი ბენეფიციარების სტიგმატიზებას ახდენს, რაღა უნდა ვთქვათ ამერიკულზე, თუნდაც კანონის სახელიდან გამომდინარე?
ამერიკული კანონის დასაწუნებლად ახალი, სრულიად ალოგიკური არგუმენტი შემოგვთავაზეს – ეს კანონი 1938 წელსაა მიღებული, ძველია და დღევანდელ რეალიებს არ შეესაბამებაო. სინამდვილეში, მას შემდეგ ამ კანონში არაერთი შესწორება შევიდა, ბევრი მუხლი გაუქმდა, ბევრიც დაემატა. მათ შორის დაემატა ლობისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული დებულებები და დღეს აშშ-ში ამ კანონის ქვეშ რეგისტრირებულია 48000-ზე მეტი ორგანიზაცია ასეულობით ათასი პროექტითა და ხელშეკრულებით.
რაც შეეხება ასაკს, აშშ-ისკონსტიტუცია 250 წლისაა, მაგრამ დღემდე რჩება მსოფლიოს ყველაზე ქმედით კონსტიტუციად.
მეორე ტყუილი, რასაც ქართულ კანონზე ამბობენ – თითქოს იგი რაღაც გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ბენეფიციარებს (მაგ. შშმ პირებს და სხვა). სინამდვილეში, ეს კანონი არათუ ამ ადამიანებს არ ეხება, არამედ იმ ორგანიზაციებსაც კი, ვისაც ეხება, ერთადერთ მოთხოვნას უყენებს – საზოგადოებას გააცნონ მიღებული სახსრების წარმომავლობა და მიზნები. ეს ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი იქნება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. ამასთან, ლაპარაკია სწორედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, მაგალითად ფინანსთა სამინისტროსთვის, ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია. შედარება რომ გავაკეთოთ, ეს იგივე პროცედურაა, რასაც კანონი პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, ოღონდ პარტიების შემთხვევაში კანონი გაცილებით მკაცრი და მომთხოვნია.
ზოგიერთმა ორგანიზაციამ თქვა, რომ უარს იტყვის ამ კანონის შესრულებაზე და სახელმწიფოს მათი გაუქმება მოუწევს. სინამდვილეში, თუ ისინი უარს იტყვიან საბუთების წარდგენაზე, ამის გაკეთების ვალდებულება გადადის საჯარო რეესტრზე, მათ კი მოუწევთ ჯარიმის გადახდა და ამით მთავრდება ყველაფერი. არც ამ ორგანიზაციებს და არც მათ ბენეფიციარებს არაფერი ემუქრებათ.
ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ამერიკული კანონის შემთხვევაში ვალდებულებისთვის თავის არიდება 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ ჩვენი კანონი რუსულია, იქნებ შეადაროს იგი ამერიკულ კანონს და მიხვდება განსხვავებას.
ჩვენ დაგვიკავშირდნენ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ კითხვები. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ყველა დაინტერესებულ აქტორს და მათთან ერთად დეტალურად განვიხილოთ კანონის ყველა ნიუანსი, მოვისმინოთ მათი წინადადებები, შენიშვნები და შედეგად უფრო სრულვყოთ პროექტი.
საინტერესო ვითარება შეიქმნა – ოპონენტები ამბობენ, რომ ეს კანონი რუსულია და არადემოკრატიულია, მაგრამ ამის დასადასტურებლად არგუმენტები ვერ მოჰყავთ. სამაგიეროდ, კონკრეტულ მუხლებს უწუნებენ ამერიკულიდან თარგმნილ კანონს, ამბობენ, რომ ეს „დრაკონული კანონია“, მაგრამ რატომღაც „ავიწყდებათ“ იმის თქმა, რომ ეს კანონი ამერიკულია. ეს რომ აღიარონ, მაშინ იმის თქმაც მოუწევთ, რომ ამერიკაში, თურმე, „დრაკონული“ კანონები ყოფილა. ამას ვერ ამბობენ, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმ სტერეოტიპებს, რომ დასავლეთში ყველაფერი კარგია,რომ ამერიკის კრიტიკა არ შეიძლება… სანამ ამ კომპლექსებს არ დავძლევთ და ყველაფერს ჯანსაღად არ შევაფასებთ, მანამ ნორმალურ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდებით.
კიდევ ერთი ტყუილი ამ კანონთან დაკავშირებით: ამ დღეებში ბევრჯერ ითქვა, თითქოს ევროკავშირის სასამართლომ გააუქმა უნგრეთის ანალოგიური კანონი, როგორც ევროკავშირის რეგულაციებთან შეუთავსებელი. სინამდვილეში, ეს კანონი დღესაც მოქმედებს, თუმცა, ევროკავშირის სასამართლოს მითითებების საფუძველზე მასში ნამდვილად შევიდა გარკვეული შესწორებები.
დიდ ბრიტანეთში თემთა პალატამ უკვე მიიღო მსგავსი კანონი და ლორდთა პალატაც ალბათ მალე დაამტკიცებს მას. მსგავსი კანონები მოქმედებს კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში… ევროპარლამენტმაც მიიჩნია, რომ აუცილებელია მსგავსი კანონის მიღება ევროკავშირის დონეზე. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კანონის პროექტი უკვე შემუშავებულია და მასში სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლობისტების საქმიანობის გამჭვირვალობაზეა გაკეთებული მთავარი აქცენტი. ამ კანონის მიზანი ყველგან ერთი და იგივეა – დემოკრატიის განმტკიცება, გამჭვირვალობა და სახელმწიფო უსაფრთხოება. შესაბამისად, რაც დემოკრატიულია ზემოთ ჩამოთვლილს ქვეყნებში, შეუძლებელია, არადემოკრატიული იყოს საქართველოში – ასეთი ორმაგი სტანდარტი არც სხვამ უნდა გვაკადროს და არც ჩვენ უნდა ვაკადროთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.