დღეს ჯარში არის საუკეთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა – ჯუანშერ ბურჭულაძე

„პრემიერის მიერ გაცხადებული პოლიტიკა – ყველაფერი საუკეთესო ჯარს, სამი წლის განმავლობაში ხორციელდება და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. სამხედროების ხელფასი 40%-ით გაიზარდა, 20%-ით 2020 წლიდან და დამატებით 20% -ით მიმდინარე წლის იანვარში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ “რუსთავი2”-ის ეთერში სტუმრობისას.

მინისტრმა ჯარში არსებულ საუკეთესო კვების პირობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ჯარს ასევე გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები აქვს. „დღეს ჯარში კვება არის საუკეთესო, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საცხოვრებელი პირობები, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურაც ისეთია, რომ ალბათ ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა ვერ უწევს კონკურენციას ჩვენს პირობებს“.

მინისტრმა საუბრისას ჯარის მიმართ შავ პიარზეც ისაუბრა. „ჯარის მიმართ გრძელდება შავი პიარ კამპანია, თუ რატომ გავუმასპინძლდით ახალ წელს ხორცით ჯარისკაცებს, რატომ ვაჩუქეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს საახალწლო ნობათი და გმირებს რატომ დავურიგეთ საჩუქრები. ეს იწვევს აგრესიას იმ პირების მიმართ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს“.

„რუსთავი2“-ის ეთერში მინისტრი საბინაო პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ჯარის ქალაქი” ერთ-ერთი საამაყო პროექტია. „მახათას მთა ერთ-ერთი საამაყო პროექტია. ეს არის ათეულობით წლებით დაგროვილი პრობლემა. ჩვენ დავუკანონეთ დაახლოებით 1500 სამხედრო მოსამსახურეს ბინები. ასევე მახათაზე გადაეცემა ბინები 1050 სამხედრო მოსამსახურეს”, – განაცხადა მინისტრმა.

Back to top button