„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა საჭირო“, Facebook-ზე ეხმაურება.
„ესენი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც: აღიარებული მედიატორის როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში; რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ოკუპაციის შედეგებს იმკის; რომელიც EU-ს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო უკანასკნელი ანგარიშით; რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამონაწილეობით, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით – აზია-ევროპის დამაკავშირებელ საკაბელო ენერგომატარებლის პროექტში საკვანძო როლს თამაშობს; რომელიც როთშილდების ფინანსური იმპერიის მეშვეობით, აქტიურად შეუდგება საქართველოს – რეგიონალური საინვესტიციო და საბანკო ჰაბად გადაქცევას; რომელიც მესამე წელია, ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ტემპის ორნიშნა მაჩვენებელს; რომელიც წელს შეუდგება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც გაზრდის ჩვენი ნავსადგურების ტვირთგამტარობას 24-დან 48 მილიონ ტონამდე წელიწადში; რომლის სახელისუფლებო ანტიკორუფციული ინდექსი – მოწინავეა მსოფლიოში; რომელიც ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ზრუნავს განვითარებაზე; რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკუთარი ხალხის ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს; რომელიც ცდილობს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ღია თამაშის წესების საფუძველზე დაამყაროს საპარტნიორო ურთიერთობები; რომელიც პარტნიორს – მეგობარს უწოდებს ხოლო აგენტოკრატების მონას – ლაქიას. ასეთ ხელისუფლებას უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ვინაიდან ასეთ სახელმწიფოში – სამართლიანად ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს“, – წერს დავით ქართველიშვილი.