ირაკლი ღარიბაშვილი: დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას

დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სააკაშვილის შესახებ სამარცხვინო უწოდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპარლამენტარებს უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა, აწამებდა, კლავდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა და მისი მმართველობის დროს სრულად დახშული იყო მედია თავისუფლება.

„მე აქვე მინდა გამოვეხმაურო მაგალითად რამდენიმე კვირის წინ, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ სამარცხვინო რეზოლუციას, რითაც რეალურად ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს, ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ადამიანი, ბატონი სააკაშვილი არის მათი აგენტი, მათი მსახური იყო, მათ უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, მათ არ აინტერესებთ, რომ ბატონი სააკაშვილი ჩაგრავდა, აწამებდა, კლავდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, სრულად დახშული იყო მედია თავისუფლება, არც ერთი მედია არ არსებობდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ ამ კაცმა, მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაული, როგორიც არის მაგალითად გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელიც ლამის მოკლეს, ეს უშუალოდ დადასტურებულია, რომ სააკაშვილის მითითებით მოხდა. არ აინტერესებთ მაგალითად რეალობა, რომ „ტვ იმედი”, რომელიც დაარბიეს და ძალადობრივად წაიღეს და მიისაკუთრეს. არც ის აინტერესებთ, რომ ბატონი სააკაშვილი ჩამობრძანდა , რა თქმა უნდა, უკანონო გზით შემოვიდა, დაარღვია კანონი და აპირებდა, უნდოდა რევოლუციის მოწყობა. სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა. ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ გვაინტერესებს, არც თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი იყო და უნდა გამოუშვათ ციხიდან. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ეს მინდა ვუთხრა იმ ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა სჭირდება დღეს ქვეყანას. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი და მათი ეს დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button