დავით ქართველიშვილი: მაქვს ინფორმაცია, აქციებზე უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოსულ მეომრებზე, რომლებმაც პირადად თუ არა – მათი მეგობრების სახით გვპირდებოდნენ აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას და ჩვენს დენის ბოძებზე სათითაოდ ჩამოკიდებას

„მაქვს ინფორმაცია, კიევის მაიდანის მონაწილეების შესახებ რუსთაველის გამზირზე. მაქვს ხელთ დაწვრილებითი ინსტრუქცია აკერმანის სახელმძღვანელოდან მომიტინგეთა “საჭირო” ეკიპირების თაობაზე“, – წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არანაირი კანონპროექტი აღარ უღირს რომელიმე ახალ დატრიალებულ ტრაგედიას.

„უამრავი შეკითხვა მომდის დღის განმავლობაში. ეხლა მოვიცალე და ერთიანად გიპასუხებთ. ვიცოდი წინასწარ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე? არა! მქონდა მსგავსი მოლოდინი? იმ ლუციფერისეული წინააღმდეგობის მასშტაბებიდან გამომდინარე – რა თქმა უნდა! ამ კანონპროექტის თემამ დაჩრდილა ყველაფერი – უკრაინის ომი, ბელადის სიცოცხლე. ესე იგი თემა, რომელსაც შევეხეთ – ამ პროცესებზე უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა. ადვილია ლუციფერის დაძლევა? არა. მაგრამ პირადად მე – ამ ბრძოლაზე მნიშვნელოვანი აღარაფერი დამრჩა ჩემს ცხოვრებაში. ომი არ წაგებულა – ბრძოლა დავთმეთ. ვგრძნობ თუ არა პირად პასუხისმგებლობას? რა თქმა უნდა! ვერ ავუხსენით მოსახლეობას, ახალგაზრდობას წესიერად – რას ვთავაზობდით საზოგადოებას და სად გადიოდა ზღვარი სიმართლესა და ცილისწამებას შორის. ვერ გავარღვიეთ ნაცების ხელში მყოფი აუდიტორიები და ნაცების მიერ დეზინფორმირებული სტუდენტების გულებში სიმართლის კანდელი ვერ დავანთეთ.

მაგრამ ეს უკვე იმდენად სიღრმისეული პრობლემაა, რომელსაც სასწაული თუ გამოასწორებს, რომლის იმედიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თითქმის არა მაქვს. სამაგიეროდ მაქვს ინფორმაცია, აქციებზე უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოსულ მეომრებზე, რომლებმაც პირადად თუ არა – მათი მეგობრების სახით გვპირდებოდნენ აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას და ჩვენს დენის ბოძებზე სათითაოდ ჩამოკიდებას. მაქვს ინფორმაცია, კიევის მაიდანის მონაწილეების შესახებ რუსთაველის გამზირზე.

მაქვს ხელთ დაწვრილებითი ინსტრუქცია აკერმანის სახელმძღვანელოდან მომიტინგეთა “საჭირო” ეკიპირების თაობაზე. მაქვს თვალი და ყური, რომელიც ხედავს “მოლოტოვის” კოკტეილებს, აყირავებულ ცეცხლმოდებულ მანქანებს, პარლამენტის შტურმის მცდელობას და ხედავს ამ აქციის ეპიცენტრში პატარა გოგო/ბიჭებს – ჩემს უახლოეს ნათესავებს და ჩემს ჭკუაზე მყოფი მეგობრების, შეცდომაში შეყვანილ შვილებს. და არანაირი კანონპროექტი უკვე აღარ მიღირს რომელიმე ახალ დატრიალებულ ტრაგედიას, რამეთუ – “ორი-ტრუპი-მინდას” მოლოდინი დასტრიალებდა იქაურობას. პატარა დავითმა დღეს შეიძლება ვერ სძლია გოლიათს, მაგრამ ის შურდული, რომლითაც საბოლოოდ მას აუცილებლად დაამარცხებს – ხელიდან არ გაუშვია. სამი დღის წინ დავწერე იმ სახარებისეულ კონტრასტზე მოლოდინებს შორის – ბზობასა და გოლგოთას შუალედში დატრიალებულს, როდესაც “ოსანა” ჩაანაცვლა “ჯვარს აცუ იგი”. მე ისედაც ჯვარცმული ვარ, იმედია კეთილი ავაზაკის ადგილას – ამიტომ ჩემ წილ პასუხისმგებლობაზე განუხორციელელ მოლოდინზე უკვე მოგახსენეთ.
იყო ეს არჩევანი ცუდსა და უარეს შორის – ამას მომავალი გვიჩვენებს. იყო თუ არა ეს უთანასწორო ბრძოლა? ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე! მაქვს თუ არა საბოლოო გამარჯვების იმედი? ღმერთმა დამიფაროს უიმედოობისაგან!”- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

Back to top button