დავით ქართველიშვილი: სავიკ შუსტერი ამბობს, რომ ნაცების გამარჯვება თბილისში იმიტომ გვჭირდება, რომ ოცნება ვერა და ვერ დავიყოლიეთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლაზე

საოცარი თანხვედრაა საქართველოსთან მიმართებით უკრაინის მთავარ „პროპაგანდონ” სავიკ შუსტერსა და რუსეთის მთავარ „პროპაგანდონშა“ მარგარიტა სიმონიანს შორის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შუსტერის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ პროვოკაციების და რადიკალიზაციის თავიდან აცილებისკენ მიმართულ ძალისხმევას ალტერნატივა არ გააჩნია.

როგორც ქართველიშვილი აცხადებს, შუსტერი თავადვე აცხადებს, რომ სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

„საოცარი თანხვედრაა საქართველოსთან მიმართებით უკრაინის მთავარ „პროპაგანდონ“ სავიკ შუსტერსა და რუსეთის მთავარ „პროპაგანდონშა“ მარგარიტა სიმონიანს შორის. ერთი დღის ინტერვალით – შუსტერი იძახის, რომ ნაცების გამარჯვება თბილისში იმიტომ გვჭირდება, რომ ოცნება ვერა და ვერ დავიყოლიეთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლაზე, ხოლო სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ეს კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. სიმონიანი კი ბრძანებს, რომ ნაცების გამარჯვების შემთხვევაში, საფრთხეს ხედავს სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით და ყოველგვარი ფართომასშტაბიანი ომის გარეშე, თბილისი და საქართველო უბრალოდ დაიბომბება, ვინაიდან არანაირი „ძმური“ დამოკიდებულება ქართველებთან მათ არ ამოძრავებთ და თბილისს, თუნდაც „კიევო-პეჩორას ლავრაც“ კი არ გააჩნია, რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი დაინდონ. ამ სამი ვერაგი მოცემულობის (ნაცების, კიევისა და მოსკოვის) გარემოცვაში, რომლებსაც ჩვენთან დაკავშირებით ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ, ხელისუფლების ძალისხმევას არ ავყვეთ პროვოკაციებს, თავიდან ავიცილოთ ვითარების რადიკალიზაცია – ალტერნატივა არ გააჩნია“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button