თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის მიზანი მარტივია – ხედავენ, სტუდენტებს, ახალ თაობას, რომელიც ფიქრობდა, რომ რუსულ კანონს აპროტესტებდა, კითხვები გაუჩნდა და ახალი ნარატივი „გამოაგორა“ – კანონის მიღება კანადისთვის შეიძლება, საქართველოსთვის სახიფათოაო

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, კანადური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (რომლის მიხედვითაც კანადაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის ამოქმედება იგეგმება) და ამ საკითხზე ქართული ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებებს Facebook-ზე პასუხობს.

„კანადური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანადაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის ამოქმედებაზე მიდის საუბარი, რომლითაც მოქალაქეები, რომლებიც კანადაში უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ. ამ ფაქტზე ოპოზიციური სპექტრის ნარატივი, რომ კანადა დემოკრატიული ქვეყანაა და საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანაა, არასწორია. ნეტა მართლა იცოდნენ განსხვავება დემოკრატიულსა და ჰიბრიდულს შორის. ეს იქეთ იყოს და, მათი მიზანი აქ მარტივია: ხედავენ, რომ სტუდენტებს, ახალ თაობას, რომელიც ფიქრობდა, რომ რუსულ კანონს აპროტესტებდა კითხვები გაუჩნდა, – ნუთუ კანადაც რუსულ კანონს იღებსო?! ნაწილმა მხოლოდ ახლა გადაიკითხა „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და იქ რუსული რომ ვერაფერი აღმოაჩინა იკითხა – რა არის ამაში რუსულიო? ოპოზიცია დაიბნა, ახალგაზრდების ღია და თამამ კითხვებზე პასუხი არ აქვს და ახალი ნარატივი „გამოაგორა”, – კანონის მიღება კანადისთვის შეიძლება, საქართველოსთვის სახიფათოა, რადგან კანადა „მოზრდილია“, საქართველო „ბავშვია“ და შესაძლოა, კანონი არასწორად გამოიყენოს და დაზიანდესო. ახალი თაობა ყველაფერს ხედავს, ძალაა და თავს არავის გამოაყენებინებს, ასე რომ ოპოზიციავ, თქვენ ადრე იზეიმეთ გამარჯვება, მოატყუეთ სტუდენტები და ეს ძალა ახლა ისევ თქვენ შემოგიტრიალდებათ“, – აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

Back to top button