ბექა ოდიშარია დავით კაჭარავას: კაჭი, აქ ზოგს ცოტა ხანში გული გაუთბება, როგორც კი დარწმუნდება ჩვენს გულწრფელობაში და სიმართლეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით კაჭარავას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება. როგორც ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების მხარდაჭერის გამო, დეპუტატების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, დამოკიდებულებას მალე შეიცვლის.

მისივე თქმით, მოსახლეობა მალე დარწმუნდება კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სიმართლესა და გულწრფელობაში.

„კაჭი აქ ზოგს ცოტა ხანში გული გაუთბება, როგორც კი დარწმუნდება ჩვენს გულწრფელობაში და სიმართლეში და ვისაც დიდი ხანია გულიც, სულიც და ნამუსიც გაყიდული და გადაგვარებული აქვს მაგათი დამტირებლის ოხერი და მამაძაღლი….;))))“ – წერს ბექა ოდიშარია.

შეგახსენებთ, „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა: „კანადამ და ევროკავშირმა იმავე კანონის განხილვა დაიწყეს, ვინც ჩემი ოჯახის წევრებს წერდით, ჩემი და ჩემი კოლეგების მოღალატეებად გამოცხადებას მხარს უჭერდით, არ და ვერ გაპატიებთ.”

Back to top button