თამარ ჩიბურდანიძე: გუშინ ევროპარლამენტარების ნაწილმა ოპოზიციას ბრძანება გამოუგზავნა – განაგრძეთ მიტინგები! ახლა უკვე გადადიხართ სააკაშვილის გათავისუფლებაზეო! თურმე, სტატუსის მიღება სააკაშვილზე გადის!

„ევროპარლამენტარებმა მკვეთრი გზავნილები გამოუგზავნეს ოპოზიციას: განაგრძეთ მიტინგები! ახლა უკვე გადადიხართ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეო. ეს იყო პირდაპირი ბრძანება ევროპიდან, რომელიც  გუშინ  ქართულმა ოპოზიციამ მიიღო, მაგრამ თუნდაც იგივე რაოდენობის ადამიანი რომ გამოვიდეს რუსთაველზე, რამდენიც მაშინ იყო, ამ ხალხის ვერც რაოდენობა და ვერც ქმედება საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებაში ვერ ჩაითრევს და საქმეს რევოლუციამდე ვერ მიიყვანს,“ – ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ოპოზიცია, მხარდამჭერ ევროპარლამენტარებთან თუ ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად, ცდილობს, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში, საბოლოო ჯამში კი, ომში ჩაითრიოს.

„საპროტესტო მუხტი ვერ შენარჩუნდება, რადგან სწორედ ამ დღეებში დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ ამ კანონპროექტის უკან გაწვევით ვიღაცის თვალში თითქოს მარცხი განიცადა, რეალურად კი, ყველა ანალიტიკოსის თვალში, ეს ოპონენტებზე სტრატეგიული გამარჯვება იყო. ხელისუფლებამ მიაღწია სტრატეგიულ გამარჯვებას ქართულ ოპოზიციაზე, რადგან ჩანაფიქრი არ შეასრულებინა და რუსთაველის აქციის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდის საშუალება არ მისცა. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვი, არ მომერიდება იმის თქმის, რომ ქართული ოპოზიცია დღეს ცდილობს, მხარდამჭერი ევროპარლამენტარებით თუ ამერიკელი კონგრესმენებით, საქართველო  სამოქალაქო ომში, ანუ სისხლიან რევოლუციაში ჩაითრიოს, რომელიც აუცილებლად  იმ ომში გადაიზრდება, რომელშიც საქართველოს ჩასათრევად უკვე ერთი წელია იბრძვიან. ანუ, საწყისი იქნება სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც ჩვენ  ამ დღეებში გადავურჩით.

თითოეული ქართველი ხედავდა, თუ რამდენი პროვოკაცია იყო მომიტინგეთა მხრიდან, რომელსაც ქართული პოლიცია და ის ძალები, რომლებიც  რუსთაველზე იდგნენ, არ აჰყვნენ“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, ის, რომ დღეს დასავლეთში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ მსგავსი კანონპროექტის ამოქმედებაზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორმაგ სტანდარტებს. „ევროპარლამენტი დღეს მუშაობს ზუსტად იმ კანონპროექტზე, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც აუცილებლად მიიღებენ. იცით რატომ გვეუბნებიან ამ ფონზე, რომ ჩვენი კანონპროექტი მაინც რუსული იყო? ევროპელებმა რუსთაველზე მდგომი ხალხი იარაღად, სათამაშოდ გამოიყენეს, გააბითურეს, დაამცირეს, საკუთარი პოლიტიკა შეასრულებინეს.

რომ შეხედეს, როგორ დააბეჩავეს ქართველი ხალხის ნაწილი – რუსთაველზე, რომ გამოიყვანეს და მოთხოვნა დააყენებინეს ისე, რომ იმ ხალხიდან 99.9%-ს კანონი არ ჰქონდა წაკითხული, ახლა უკვე მეორე მითითებაც წამოვიდა ევროპიდან, იგივე ხალხს ეუბნებიან – თქვენ უკვე ჩვენი ხართ, ერთხელ ხომ თოკი მოგაბით კისერზე, ხომ გაგიყვანეთ, ხომ გაგაკეთებინეთ, ახლა, კეთილი ინებეთ და მეორედ გაბრძანდით და ეს გააკეთეთ, ახლა „ვივამედთან“ დადექით და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეთ და ა.შ. ადამიანს ერთხელ რომ გაქცევს მონად ვიღაც, მეორედაც გამოგიყენებს. იმ ხალხისგან, რომლებიც გაუთვითცნობიერებლად მივიდნენ რუსთაველზე, ევროპარლამენტარებისგან კი გუშინ ახალი ბრძანება მიიღეს, თან თითის აწევით, მაინტერესებს ვინ გავა ახლა რუსთაველზე, ვინ არის მართლა მონა“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე განმარტებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი წაუკითხავად გაპროტესტდა, რაც მონური ფსიქოლოგიის მაჩვენებელია.

„მრცხვენოდა, რომ პროფესორებს, აკადემიკოსებს მოვუწოდებდი, კანონი წაეკითხათ და ეთქვათ, რომელი სიტყვა, რომელი წინადადება იყო რუსულიდან გადმოთარგმნილი. ჩვენ, საპასუხოდ, ვაჩვენებდით, რომ ყოველი სიტყვა, წერტილ-მძიმე ამერიკული კანონიდან იყო გადმოტანილი. ერთმა პროფესორმა მითხრა ასეთი რამ – მეო 200-მდე სტუდენტი გავიყვანე რუსთაველზეო. ვკითხე, ბატონო, თქვენ თვითონ თუ გქონდათ ეს კანონი წაკითხული-მეთქი. არაო, რატომ უნდა წამეკითხაო? ხომ მითხრა, ევროპამ და დეგნანმაო. ეს პიროვნება ფიზიკოსია. ვკითხე, გარდა ფიზიკის სწავლებისა, რას ასწავლით კიდევ სტუდენტებს, მონობას-მეთქი? ანუ, ის თავის 200-ვე სტუდენტს მონობას ასწავლის – თვითონ არ ჰქონდა წაკითხული და ბავშვებს რას ეტყოდა? 14-17 წლის ბავშვებს უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მისდიოდათ შეტყობინებები: „შენ ვეღარ წახვალ ევროპაში! ვეღარ დაგიფინანსებენ სწავლას! ყველანაირად გეკეტება გზა! ჩარჩები შენს რეგიონში! გამოდი თუ გინდა, რომ შენი მომავალი არ დასრულდეს ამ კანონით!“.  რომ წავიკითხე, გაოგნებული ვიყავი, თურმე რამხელა ბოროტებაა ქვეყანაში – 14-17 წლის ბავშვებს ზომბებად აქცევდნენ, ტყუილებით კვებავდნენ.“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც ჩაგვრასა და დისკრიმინაციას, გარკვეულ შემთხვევაში, ევროპა და აშშ ყურადღებას არ აქცევს და არ გმობს.

„მე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი პატარა შვილიც კი, განვიცდით „ბულინგს“ ოპოზიციის მხრიდან და ამის შესახებ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია განცხადებას არ აქვეყნებს. ევროკავშირი, ამერიკის ელჩი – ისინი, ვინც დემოკრატიას გვასწავლიან, არც ერთ განცხადებას ამასთან დაკავშირებით არ აკეთებენ. ნინო ლომჯარია დააჯილდოვეს, როგორც უდიდესი დემოკრატი საქართველოში, ამ დროს მან და ოპოზიციის ლიდერებმა თავ-თავიანთ გვერდებზე გამოფინეს მისამართები და მოუწოდეს: „შეაჩერეთ! არ ჩაატარებინოთ ლექცია! არ შეუშვათ კაბინეტში!.. “ – საზოგადოებას ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდეს. ამასთან დაკავშირებით არც ამერიკის და არც ევროკავშირის ელჩის, არც ერთი პოლიტიკოსის განცხადება არ ისმის“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Back to top button