ევროპის ყველაზე დიდი პარტიის სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ საუკუნის აფიორას. რაც საქართველოში მონათლეს რუსულად, ის ამერიკულია ევროპაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და ა.შ.- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი მოქალაქე, როგორ მოხდა ისე, რომ ყველგან, ერთი და იგივე კანონი არის ამერიკული და მხოლოდ საქართველოში მოინათლა ის რუსულად.
„თუ კი ამ ქვეყანაში რაღაც კანონი არის ამერიკული, მაშინ უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ჩვენგანი, ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ა.შ. როგორ მოხდა ისე, რომ ყველგან, ერთი და იგივე კანონი არის ამერიკული და მხოლოდ საქართველოში მოინათლა ის რუსულად. ეს იყო საუკუნის თაღლითობა, რომელშიც სამწუხაროდ გაება საქართველოს არაერთი გულწრფელი მოქალაქე და შეიძლება ბევრი მათგანი გულწრფელად აპროტესტებდა ამ ყველაფერს. არ უნდა დაგავიწყდეს ჩვენ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, როლებიც მიზანმიმართულად, თავისი აქტივისტობიდან გამომდინარე აპირებდნენ მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ქაოსში ჩართვაში და შედეგი დადგა იცით? ამ საუკუნის აფიორამ თავის მხრივ შვა ფაშიზმისა და ბოლშევიზმის რაღაც სინთეზი. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი ამას რა ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.