ირაკლი ჩიქოვანი: ვიდრე ევროპარლამენტარები არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულატორია, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა – არასწორი

ვიდრე ევროპარლამენტარები არ მიხვდებიან, გაიაზრებენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელმაც შექმნა რეპრესიული მანქანა, საკუთარ სახელმწიფოში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვიდრე ისინი არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი არის პირწმინდა პოლიტიკური მანიპულატორი, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა – არასწორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განზრახვებს სააკაშვილთან დაკავშირებით და ამ თემაზე ბევრ სპეკულაციას გამოთქვამს.

„სამწუხაროდ, მათ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ სააკაშვილი არის სინათლე და ყველაფერი დანარჩენი სიბნელეა. ჩვენ ამ თემაზე მათთან ვერ შევთანხმდებით. ამაზე ვერ შეთანხმდება არა ირაკლი ჩიქოვანი, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება, ამაზე ქართული საზოგადოება ვერ შეუთანხმდება მათ.

შეუძლებელია თქვენ ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან უფრო უკეთ ხედავდეთ, რა ხდება საქართველოში, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. ეს ობიექტური რეალობაა. ჩვენ ამ თემაზე ვერ შევთანხმდებით“, – მიმართა ევროპარლამენტარებს ჩიქოვანმა.

Back to top button