„საქართველოს აქვს ევროპული მომავლის საგზაო რუკა და მას ჰქვია ასოცირების შეთანხმება. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ამ დოკუმენტს, რომელიც არის სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა 19 აპრილს, მას ჰქვია „საქართველოს გზა წინ” და საქმე ეხება 6 თვიან საბოტაჟს, საიდანაც საჭირო იყო გამოსვლა. ჩვენ მოვახერხეთ ამ საბოტაჟის დასრულება და უზრუნველვყავით ის, რომ თქვენ დღეს სხედხართ პარლამენტში. ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ მათ შორის ის, რომ არ შეგიწყვიტეთ მანდატები. ჩვენ გადავდგით კონკრეტული, რაციონალური, პრაგმატული ნაბიჯები, სწორედ იმისათვის რომ საქართველო წასულიყო წინ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტმა ხელი არ მოაწერეთ შეთანხმებას და უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებდით იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მომხდარიყო მისი ანულირება. რეალურად, ეს შეთანხმება არის თქვენი ანულირებული. იმ პარტიების და პოლიტიკოსების ანულირებული, რომლებიც 3-4 თვის მანძილზე არ აწერდით ხელს ამ პოლიტიკურ შეთანხმებას”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი წარმოადგენდა არა სამართლებრივ არამედ, პოლიტიკურ შეთანხმებას.
„აქედან გამდინარე პოლიტიკურ შეთანხმებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივუდგებით იმ სტანდარტით, რაც მოქმედებს სამართლებრივ შეთანხმებაზე. ის რაც წერია გენერალური პროკურორის ნაწილში კონსტიტუციურ კანონპროექტში, ეს არის სამართლებრივი სიმახინჯე. რაც შეეხება ცალკე აღებულ კვალიფიციურ უმრავლესობას, ამას შეიძლება სიმახინჯე ვერ ვუწოდოთ მიუხედავად იმისა, რომ როგორც პოლიტიკური ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტად პრობლემურიც არის კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევა. ამასთან დაკავშირებით მილიონი არგუმენტი წარმოგიდგინეთ. რაც შეეხება თქვენს არგუმენტებს. ერთადერთი თხოვნა გვქონდა, რომ წარმოგედგინათ კონტრარგუმენტები ამ საკითხის შესახებ. გენერალური პროკურორის თემაზე, ჩვენ მოვისმინეთ ნული არგუმენტი. არც ერთი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი და ამაზე ხაზგასმა კიდევ ერთხელ არის საჭირო. როცა არ გაქვს არგუმენტები და მაინც ჯიუტად იმეორებს იგივეს, ეს პოლიტიკაშიც კი მიუღებელია. პოლიტიკასთან ერთად და პოლიტიკის მიღმა არსებობს რაღაცები და პირველ რიგში, ეს არის პროფესიული ღირსება. როდესაც იურისტმა იცი რომ ეს მართლაც სამართლებრივი სიმახინჯეა და მაინც ჯიუტად იმეორებ რომ შენ ამ ნორმის მიღების მომხრე ხარ, ეს უკვე არანაირ პროფესიულ სტანდარტებში არ ჯდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, როდესაც კონსტიტუციური კანონის პროექტში იწერება სამართლებრივი სიმახინჯე ეს ქვეყნისთვის არის შეურაცხყოფა.
„მომავალში ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავუშვათ და ამის გარანტია არის ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამ შეთანხმების ანულირებით, დავუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს. ამ კონსტიტუციური ჩარჩოდან მომავალში აღარასოდეს უნდა გავიდეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვაშაძესაც მიმართა, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, თუ არ ვცდები ბატონი გიორგი ვაშაძის მხრიდან. მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ კოლეგებს იმისათვის, რომ ისინი დღეს პატივს გვდებენ და მხარს უჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ერთი მადლობა რომ დაგესველებინათ უმრავლესობის მიმართ იმისათვის, რომ ჩვენც პატარა წვლილი შეგვაქვს ამ ცვლილებების მიღებაში იქნებოდა ცოტა სამართლიანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.