ალბათ, სააკაშვილი იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან – კრიმინალი, იქიდან – განსხვავებული აზრის წარმომადგენლები – ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ნორვეგიელმა კონსერვატორებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს, სააკაშვილის მმართველობის დროს რა მდგომარეობაში იყო საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთმა ევროპელმა ექსპერტმა დაუთმო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანების უფლებათა დარღვევის საკითხის შესწავლას.
„მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი მიიღო ადამიანის უფლებების პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის. როგორ შეიძლება, ამ თემას იუმორის გარეშე შეეხო? ალბათ, შეაფარდეს მონაცემები, სააკაშვილის მმართველობის დროს რამდენი ადამიანის უფლება ირღვეოდა და რამდენის – არა.
ალბათ, იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან – კრიმინალი, იქიდან – განსხვავებული აზრის წარმომადგენლები – ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია! არ მესმის, იუმორის გარდა სხვანაირად როგორ შევხედოთ ამ საკითხს და როგორ მივმართოთ იმ ადამიანებს. როგორ დავიჯერო, რომ თავად არა აქვთ ინფორმაცია სააკაშვილის მმართველობის შესახებ?! მახსოვს, რომ ევროპიდან ჩამოდიოდნენ ამ საქმის შესასწავლად. ერთ-ერთი იყო თომას ჰამერბერგი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოდიოდა და თითოეულ დეტალს იკვლევდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტებიც აღარ არის, ამაზე, მგონი, დღეს პრემიერმაც ისაუბრა, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა.
ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს, ვერც წარმომიდგენია. ჩვენ, „ხალხის ძალა“, კულუარული საუბრებიდან გადმოვედით საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაზე და იმ დამალული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლითაც აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება. ვიხსენებ ჩემი შვეიცარიაში ცხოვრების წლებს, როცა სააკაშვილის მმართველობა იყო.
ძალიან მიჭირდა ჩემი იქაური მეგობრების, იქაური საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა იყო და რეალობას აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ის ინფორმაცია, რომელიც ევროპამდე მიდიოდა, რომ თითქოს სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, განავითარა ქვეყანა, ინსტიტუციებს აძლიერებს… იმდენად დახშული იყო სივრცე იმისთვის, რომ იქაურ სოციუმს განსხვავებული აზრი მოესმინა, რთული იყო, სიმართლის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური სიტუაციის შექმნის მცდელობაა ახლაც და ვინ ცდილობს ამას, ჩვენ უკვე თამამად დავიწყეთ ამაზე საუბარი – პატიმარ სააკაშვილს სპეცოპერაცია აქვს, თავი დაიზიანოს ისე, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელი გახდეს, მაგრამ ამასაც ვერ ასრულებს სათანადოდ. ხომ ყველამ ვიცით, რამდენი ფული გადაიხადეს [ამის გაშუქებაში] საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რადგან სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის. ჩათვალეთ, რომ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენი სახელმწიფოს ბედი წყდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.