როდესაც ჩვენ წინა დღეებში ვთქვით, რომ ეს [აქცია] იყო ორგანიზებული და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი იყო, ლამის ჩვენი თანაგუნდელები შეაჩვენეს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ, ამ დროს, თავად ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და ამბობს – ეს არის ჩვენი დაორგანიზებული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ისინი თავადვე ადასტურებენ იმას, რაც არის სიმართლე და ეს სიმართლე მათი მხრიდან შეიძლება ხანდახან მისასალმებელიც იყოს.
ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აქციაზე იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც რაღაცას გულწრფელად აპროტესტებდნენ და იყვნენ დაორგანიზების შედეგად მიყვანილი ადამიანები.
„ამ ბოლო დროს ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, რის გამოც ჩვენ ძალიან გვაკრიტიკებდნენ. ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, როდესაც ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობას და მის კლასტერს ყავს კონკრეტული დამფინანსებელი. შემდეგ ეს დამფინანსებელი თავად გამოვიდა და თქვა, დიახ, მე ვეხმარები, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თურმე შეიძლება მორალურ დახმარებაზეც ყოფილიყო საუბარი, თუმცა, ეს არავინ დაიჯერა და ფინანსური დახმარება დადასტურდა თავად ამ ფინანსური დახმარების ავტორის მიერ.
ახლა, როდესაც ჩვენ ვთქვით წინა დღეებში, თუკი ვინმეს წამოცდა, რომ ეს [აქცია] იყო ორგანიზებული და ნაცმოძრაობის დღის წესრიგი იყო, ლამის ჩვენი თანაგუნდელები შეაჩვენეს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ, ამ დროს, თავად ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ ეს არის ჩვენი დაორგანიზებული. მე მხოლოდ შემიძლია გულწრფელი გაკვირვება გამოვხატო ამის მიმართ, თუმცა, ისინი თავადვე ადასტურებენ იმას, რაც არის სიმართლე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს სიმართლე მათი მხრიდან შეიძლება ხანდახან მისასალმებელიც იყოს და მადლობაც კი გადავუხადოთ იმისთვის, რომ ასე გულწრფელად საუბრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ.
დიახ, ისინი აორგანიზებენ ძალიან ხშირად საპროტესტო მუხტს, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ახალგაზრდა მართლაც გულწრფელად იდგა, რომელიღაც ახალგაზრდა მოტყუვდა თუ არ მოტყუვდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იყვნენ იქ გულწრფელი ადამიანებიც, რომლებიც რაღაცას გულწრფელად აპროტესტებდნენ და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ დაორგანიზების შედეგად, მათ შორის ნაცმოძრაობის დაორგანიზების შედეგად იყვნენ მიყვანილი. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, თუმცა, ორგანიზების აღიარება არის ძალიან კარგი მათი მხრიდან“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.