უზენაესი სასამართლოს შეფასების ინდექსში მუდმივი გაუმჯობესებაა 2012 წლიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, როდესაც საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლო არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესებული უწყება – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა განაცხადა.
ხატია წილოსანმა კომენტარი გააკეთა ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) მიერ გამოქვეყნებულ უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსზე, რომლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება ზედიზედ მეცხრე წელს (2013-2022) დადებითი ქულით აღინიშნა.
მისი თქმით, საქართველოს ქულა საკმაოდ აღემატება ბევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რეიტინგებს, რაც იმის დასტურია, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სწორი მიმართულებით ვითარდება.
„უზენაესი სასამართლოს შეფასების ინდექსში მუდმივი გაუმჯობესებაა 2012 წლიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, როდესაც საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლო არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესებული უწყება.
ეს თავისთავად ცხადია, დადებით გავლენას ახდენს ქვეყანასთან დაკავშირებულ რეიტინგზეც. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევა ჩატარებულია ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც 4 000-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი წარმოადგენს. ბევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რეიტინგებს საკმაოდ აღემატება საქართველოს ქულა და ეს არის სწორედ იმის დამადასტურებელი, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სწორი მიმართულებით ვითარდება“ – განაცხადა ხატია წილოსანმა.