დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს კეზერაშვილი მართლაც პოლიტიკური კეთროვანი ხდება, თან სულ რაღაც 10 დღის მერე, რაც მისი „ტრიუმფალური“ ინტერვიუ ვიხილეთ

BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ შეიძლება მრავალფუნქციური ტესტის მნიშვნელობა იქონიოს: პოლიტიკური, შიდა მოხმარების, გარე მოხმარების, ჟურნალისტური და ა.შ. შეგახსენებთ, შარშან, ევროპარლამენტი რეზოლუციით ცდილობდა მთელი მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ კეზერაშვილის სახით საქმე დევნილ მედიამენეჯერთან ჰქონდათ, ხოლო ბრიტანეთმა, მიუხედავად ქართული მხარის არგუმენტებისა, მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა, – ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, კეზერაშვილთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა, როცა ხან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა, ხან – დევნილი მედიამენეჯერის, თუმცა, BBC-ის სტატია, სავარაუდოდ, ახალი, გარდამტეხი მოვლენების საფუძველი გახდება.

„აქ საინტერესო დეტალია ისიც, რომ კეზერაშვილის რეკომენდაციით 2018 წელს ბრიტანეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო უკრაინიდან გაქცეულმა სერგეი ბონდარჩუკმა, იმ ბონდარჩუკმა, რომელთანაც, კეზერაშვილს წლების განმავლობაში უკრაინიდან იარაღის სახით ჯართის შესყიდვასთან ჰქონდა საქმე. ბრიტანეთი, რომლის მიმართ ზეაღმატებული დამოკიდებულება მაქვს ბავშვობიდან – როკმუსიკით დაწყებული, ფეხბურთით გაგრძელებული, კონსტიტუციური მონარქიის ტრადიციით დასრულებული, ასეთ ოსტაპ ბენდერებს, საერთაშორისო დამნაშავეებს, ასე უპრაგონოდ ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს, რომელიც მათ ნამდვილად არ ეკუთვნით.

მათ ეკუთვნით – მართლმსაჯულება, სასამართლო და ციხის საკანი. BBC-ის მადლობა ამ ჟურნალისტური გამოძიებისთვის და იმედი მაქვს, სამართლებრივი გამოძიებაც დაიწყება. საინტერესოა, გადათქვამს თუ არა ევროპარლამენტი თავის შარშანდელ დამოკიდებულებას კეზერაშვილთან დაკავშირებით, თუ წელსაც უნდა ველოდოთ ხელის დაფარებას მათგან? მით უმეტეს, რომ BBC არ არის ყვითელი პრესა, კერძო ვებგვერდი, ეს არის მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბრიტანელი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ფუნქციონირებს და მათ წინაშეა პასუხისმგებელი თავის ნებისმიერ სტატიასა და ჟურნალისტურ გამოძიებაზე.

ვისი გულისთვის უნდა ჩაეყენებინა საკუთარი მოსახლეობა და მკითხველი შეცდომაში? რისთვის უნდა დაეყენებინა საკუთარი ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ? BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება საინტერესო ტექტონიკური ბიძგების გამომწვევი მიზეზი იქნება.

ამ საწყალ ოპოზიციურ სპექტრთან, რომელიც მოსულიერებას ვერ ახერხებს, წესების გარეშე ბრძოლა მიმდინარეობს – ყოველდღე ვიღაც „ურტყამს“ იმიტომ, რომ არ არსებობს, უპასუხოდ დარჩეს, რაც ჩადენილი გაქვს. შეიძლება სამართალი ურმით მოდიოდეს, მაგრამ აუცილებლად დაგეწევა. დღეს ჩვენ წავიკითხეთ მელიას საინტერესო, მკაფიო გზავნილი – როდესაც BBC-ის ამ საქმესთან დაკავშირებით პოზიციებს ვუწუნებთ, რა ტაშ-ფანდურით მივიღებდით იგივე ინფორმაციას ვთქვათ ბიძინა ივანიშვილზეო. ძალიან საინტერესო პოზიცია გამოთქვა ანა დოლიძემ, რომელმაც, მართალია, სიტყვა – „დანაშაულებრივი“ არ გამოიყენა, მაგრამ, თქვა, მოდით, ყველას ერთ კალათაში ნუ ჩაგვსვამთო. იგულისხმებოდა, რომ კეზერაშვილთან ერთად ერთ კალათაში ყოფნა მასაც არ უნდა. რთულ სიტუაციაშია ხოშტარია – ერთი მხრივ, მისი დამფინანსებელი იყო სანქტ-პეტერბურგის მარინსკის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვალერი გერგიევი (სიტყვაზე ვამბობ, რადგან ოჯახს იქიდან მოსდიოდა სოლიდური თანხები), მერე ხოშტარიამ თქვა – რა მოხდა, მე კეზერაშვილიც მაფინანსებსო.

დღეს, ფაქტობრივად შპაგატშია ქალბატონი ხოშტარია და მოვლენების განვითარებას ელოდება – მარცხენა მიუახლოოს მარჯვენას თუ პირიქით, რომ ცოტა წამოდგეს ფეხზე და გაერკვეს, ვისთან არის და ვინ აფინანსებს. როგორც ჩანს კეზერაშვილი მართლაც პოლიტიკური კეთროვანი ხდება, თან სულ რაღაც 10 დღის მერე, რაც მისი „ტრიუმფალური“ ინტერვიუ ვიხილეთ“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა. მისი განმარტებით, იმ კომპანიებისა და ადამიანებისთვის, ვინც კეზერაშვილისგან ფინანსდებიან, BBC -ის სტატია სულ ცოტა უხერხულობის შემქმნელი უნდა იყოს. „მაინტერესებს, წყალგამყოფი კი არა – სუნგამყოფი სად გადის „ფორმულაში“, იმ ფულს შორის, რომელსაც სუნი არ აქვს და იმ ფულს შორის, რომელსაც აშკარად სუნი გაუჩნდა, თან როგორი სუნი – სისხლის სუნი, ევროპელი პენსიონერების დანაზოგების სუნი, ქართველი ჯარისკაცების ოფლის სუნი და ა.შ. ჟურნალისტური კოლექტივი „ფორმულაში“, კოლექტიური ჟიჟილაშვილები, როგორ უყურებენ იმას, რომ ყოველ თვე ხელფასის სახით იმ თანხებს უხდიდნენ, რომლებსაც, აშკარად კრიმინალური, ძალიან ჭუჭყიანი შინაარსი აქვს?“ , – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Back to top button