ირაკლი ზარქუა: მაქვს პოზიტიური მოლოდინი რომ მეორე შეცდომას არ გაიმეორებს ევროკომისია და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს

„დიახ, საქართველო და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს სამართლიანად [კანდიდატის სტატუსს] და ამ შეცდომას გამოასწორებს ევროკომისია“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ზარქუამ აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებენ.

„ევროკომისიის დასკვნები წინა თვეში მივიღეთ, სადაც რეიტინგების მიხედვით საქართველო, რომელსაც არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და პირდაპირ ვთქვათ ევროკომისიის მხრიდან შეცდომა იყო, ამ რეიტინგებითაც ხომ გამოჩნდა, სადაც მოლდოვასაც და უკრაინასაც ვუსწრებთ, დანარჩენ პრეტენდენტებზე რომ არ ვთქვათ. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი რომ ამ მეორე შეცდომას არ გაიმეორებს ევროკომისია და უკვე მიანიჭებს [საქართველოს კანდიდატის სტატუსს]. 12 რეკომენდაციიდან ჩვენ 8 შესრულებული გვაქვს, დარჩა დეოლიგარქიზაცია და თქვენ იცით, რომ უკრაინული მოდელი პირდაპირ გადმოვიღეთ, გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში პირველი მოსმენის შემდეგ, დაგვიბრუნეს რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით საკომიტეტო განხილვა გავაკეთეთ, ისევ გადავაგზავნეთ და ველოდებით. რჩება საბჭოში მოსამართლეების არჩევა, ამასაც მივიყვანთ ბოლომდე და ერთადერთი გვრჩება დეპოლარიზაციის შემცირება.

ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მოსახლეობა ხედავს, უფრო მეტიც, დეპოლარიზაცია რომ შეგვემცირებინა ამისთვის შევქმენით სამუშაო ჯგუფები, თორემ ხაბეიშვილი ან ჭიჭე [გიორგი] ვაშაძე რას იმუშავებდა, პოპულისტი ჩვეულებრივი. ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ყველას და არც შემოსულა რადიკალური ოპოზიცია სამუშაო კომისიებში. უფრო მეტიც, როგორც ხაზარაძემ თქვა, რასაც ესენი აკეთებენო ჩვენს უცხოელ პარტნიორებთანო არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო, მავნებლობენ- ეს არის ამათი სახე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ამ რეკომენდაციებს ბოლომდე მივიყვანთ. რეიტინგები გამოქვეყნებულია ევროკომისიის მხრიდან, სადაც წინ ვუსწრებთ და უკვე ბურთი იქნება ევროკომისიის მოედანზე“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

Back to top button