დავით ქართველიშვილი: ხელისუფლებას, რომელსაც, მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, ამერიკის ელჩი „რუსულ ოცნებას“ უწოდებს

„საქართველოში, რომელმაც 9 აპრილს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ზვარაკად შესწირა ქვეყნის 21 პატრიოტი, დღეს აშშ-ის სამარცხვინო წარმომადგენელი ჩვენ, მათ სულიერ შთამომავლებს უსირცხვილოდ გვიწოდებს „რუსებს“; ხელისუფლებას, რომელსაც მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, „რუსულ ოცნებას“ უწოდებს“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ამერიკის ელჩი არასწორად აფასებს საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას. სინამდვილეში კი ჩვენ რუსეთისკენ არც მივილტვით და არც გვეშინია მისი, ხოლო ჩვენს თავს მოხვეული „რუსული პარანოია“ სწორედ აშშ-ის ხელისუფლების რუსოფობიით არის ნაკარნახევი.

„ასეთი ანტიქართული შემოსევა ჩვენს სამშობლოს მართლაც რომ დიდი ხანია არ ახსოვს. თანაც საიდან – ქვეყნიდან, რომლის ჩამოყალიბების მომენტისთვის ჩვენ უკვე წარმატებით გვქონდა გამოვლილი არაერთ კოლონიზატორთან ბრძოლა. ქვეყნიდან, სადაც იმ დროს, როდესაც პლანტაციებზე პირუტყვად იყენებდა განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანებს, საქართველო ებრძოდა მეფის რუსეთის იმპერიას. ქვეყნიდან, სადაც „კუ-კლუქს-კლანი“ ლინჩის წესით ასამართლებდა განსხვავებული კანის ფერისა და აზრის ოპონენტებს, რა დროსაც საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან განიცდიდა თავისი საუკეთესო გენოფონდის განადგურებას. საქართველოში, რომელმაც 9 აპრილს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ზვარაკად შესწირა ქვეყნის 21 პატრიოტი, დღეს აშშ-ის სამარცხვინო წარმომადგენელი ჩვენ, მათ სულიერ შთამომავლებს უსირცხვილოდ გვიწოდებს „რუსებს“.

ხელისუფლებას, რომელსაც მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, „რუსულ ოცნებას“ უწოდებს. ეროვნულ კანონპროექტებს უსირცხვილოდ „რუსულ კანონებად“ შერაცხავს, ნებისმიერ ქართულ და ეროვნულ ინიციატივას, ФСБ-ის სახელმძღვანელოების ნარატივს უწოდებს. ხოლო ის სასამართლო, რომლის ხელში ჩაგდებასაც ვერ ეღირსა, „რუსულ სასამართლოდ“ გამოჰყავს.

ეს უნამუსო ადამიანი ჩვენს საკუთარ სახლში გვიბილწავს წინაპრების ხსოვნასა და გამრუდებულ-გაუკუღმართებულად წერს ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავლის ისტორიას. მის ამ ანტიქართულ ისტერიას სიამოვნებით არის აყოლილი მის მიერ დაფინანსებული მეხუთე კოლონა, რომელიც შეთავსებით კრემლის სასარგებლო იდიოტების ხროვას წარმოადგენს.

ამ ანტიქართულ მეინსტრიმში დღეს მოყოლილია ქვეყნის ახალგაზრდობის ის ნაწილი, რომლის „გენმოდიფიცირება“ მათ, სამწუხაროდ, წარმატებით მოახერხეს. ქვეყანაში, რომელსაც ეს სამარცხვინო ელჩი წარმოადგენს, თუ ვინმეს ჰგონია რომ ათობით იმპერიაზე „გადამხტარი“, მართალია, პატარა, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და თვითმყოფადი ქვეყანა დანებდება მის კოლონიალურ პოლიტიკას, საშინლად ცდება. ჩვენს თავს მოხვეული „რუსული პარანოია“ სწორედ ამ ქვეყნის ხელისუფლების რუსოფობიით არის ნაკარნახევი. თორემ საქართველოსა და ქართველ ხალხს რუსის შიში არ ჰქონია არც 1821, არც 1921, არც 1989, არც 1993, არც 2008 და არც 2023 წელს. იმედია, ახლო მომავალში კელი დეგნანისა და მისი ანტიქართული პოლიტიკის სულის ჩამდგმელების დრო საქართველოში ამოიწურება. ორ ქვეყანას, ორ ხელისუფლებას ასეთი მავნებელი „შუამავალი“ ჯერ არ ჰყოლია.

როგორც ჩანს, სამშობლოში დაბრუნებამდე, მის ერთ-ერთ უკანასკნელ მავნებლობად „პრაიდის“ მორიგი ორგანიზების მცდელობა შეიძლება ვივარაუდოთ. ეს ნამდვილად იქნება ჩვენი მოთმინების უკანასკნელი წვეთი მის მიერ შეურაცხყოფილ ფიალაში და ადამიანურად ვურჩევ, ნურც შეწუხდება. დიდი იმედით ველოდებით ამერიკაში მოსალოდნელ სახელისუფლებო ცვლილებებს, რათა საქართველოში ბოლო 3 წელიწადში განვითარებულ მოვლენებს სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და ორი ქვეყნის ურთიერთობას ეღირსება პარტნიორულ ურთიერთობასა და ურთიერთპატივისცემას მოწყურებული მიდგომები“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button