ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  მზადებასადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი.

„მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალ, ქალაქ ზუგდიდში  გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა როგორც კულინარიული, ასევე შემეცნებითი და სხვა გასართობი აქტივობები. ტერიტორიაზე თქვენ დაგხვდებათ ძალიან საინტერესო სივრცეები, შეგიძლიათ მოინახულოთ სხვადასხვა ტურისტული ლოკაციები,  დღის ბოლოს გაიმართება დასკვნითი კონცერტი,  ყველას გელოდებით, ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში“,-განაცხადა თამაზ იორაშვილმა.

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ორ ქალაქში, ზუგდიდსა და თელავში აღნიშნავს.

ზუგდიდის ბულვარში, 14:00 საათიდანღონისძიების სტუმრები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს. რუკებს, ფოტოებს  და აქტივობებს გაეცნობიან.  დამთვალიერებლები  სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარს შეავსებენ, მოეწყობა ფოტო ზონა.

ზუგდიდის ბულვარში გაიმართება მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები.  ღონისძიების ფარგლებში ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია მეგრული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს მოდერნიზებული სახით წარმოადგენს. გაიმართება კულინარიული შეჯიბრი. ტერიტორიაზე განთავსდება კვების და სამეწარმეო დახლები. მოეწყობა საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები.

საღამოს 17:10 საათზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება.  საქართველოს ჰიმნს შეასრულებენ კატო კვარაცხელია და თბილისის ქალთა გუნდი.  ღონისძიების  დასასრულს მოხალისეები საქართველოს გიგანტურ დროშას გაშლიან.

Back to top button