გაუგებარია გახარიას რეაქცია, თუმცა სოლიდარობა, რომელიც მას გამოუცხადეს მელიამ და სხვა კანდიდატებმა, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილავიამშენის” ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი სამწყობრო საწარმოს დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნარკოტესტის ჩაბარება ელემენტარულია და ეს ყველა საჯარო მოხელის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა.
„შეიძლება ამას დავარქვათ პოლიტიკური სოლიდარობა, რომელიც უბრალოდ ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, გახარიას გამოუცხადა და ალბათ ასე შეიძლება, რომ მოინათლოს. არ მაინტერესებს ნამდვილად, იმიტომ, რომ თუ ადამიანი მართლაც არაფერს არ მალავ, რა პრობლემაა ზოგადად. ნარკოტესტის ჩაბარება არის ძალიან ელემენტარული და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ყველა საჯარო მოხელის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე. ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელია და მისი ლაივ ჩართვები, რა თქმა უნდა არის ამის დამადასტურებელი. იმის მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს, ძალიან მარტივი ასახსნელია. ნამდვილად გაუგებარია გახარიას ეს რეაქცია, თუმცა მესმის სოლიდარობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოცხადებული მელიას მხრიდან, სხვა კანდიდატების მხრიდან, ეს რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს. არ ვიცი რატომ არ სურს გახარიას ნარკოტესტის საქართველოში გაკეთება. ალბათ ეშინია. ხალხური ბრძნული გამონათქვამია, „ქურდს ქუდი ეწვისო”, ხომ გაგვიგია ყველას?! ძალიან მარტივია. ვისაც დასამალი არაფერი არ აქვს, ღიად, ნებისმიერ მოედანზე, ბიუროში უნდა მივიდეს და ჩააბაროს ტესტი. ძალიან მარტივია და მემგონი კითხვები არ არსებობს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო და სააკაშვილს მარიონეტი გახდა, ამას კი მოხერხება უნდა.
„აღარ მსურს ზედმეტი კომენტარების გაკეთება გარკვეული ადამიანების მოსაზრებებზე და მათ კომენტარებზე. ხალხმა ყველაფერი კარგად იცის. ძალიან მარტივი ასახსნელია მათი ეს პროვოკაცია და მოღალატეობრივი ჩართულობა მთელს ამ პროცესში და მათი ბუნებრივი მოკავშირეობა სააკაშვილთან. მოხერხება უნდა იმას, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდა სააკაშვილს მარიონეტი. თავიდან გარკვეული დაბნეულობა იყო შემოტანილი საზოგადოებაში. მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო გახარია. შემდეგ ნახეს, რომ პარტიის თავმჯდომარემ მას დაარქვა სახელი, მოღალატე უწოდა, ღალატად შეაფასა მისი ეს ქმედება. ამის შემდეგ იყო მცდელობა, თითქოს კოალიციის შექმნა უნდოდა ქართულ ოცნებასთან, ამის შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ როგორ შეიძლება მოღალატესთან, იმასთან, ვინც ერთხელ გიღალატა კოალიციის შექმნა და ეხლა არაფერი დარჩათ ხელში, გარდა სააკაშვილის ბუნებრივიმოკავშირეობისა. ამას ხალხი ხედავს და შესაბამის დასკვნებს აკეთებს და ეს გაგრძელდება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.