ეუთოს სადამკვირვებლო მისია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საარჩევნო სიების დაზუსტებისთვის გაწეულ სამუშაოებს დადებითად აფასებს

ეუთოს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძალისხმევით, მონაცემთა ბაზის სიზუსტე უმჯობესდება ბაზიდან დუბლირებული და გარდაცვლილთა მონაცემების პროაქტიულად ამოღებით, მოქალაქეების უფასო დოკუმენტაციით უზრუნველყოფით, ფოტოების მიღება/განახლებითა და ბიომეტრიული მონაცემების აღების მიზნით, მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე კარდაკარ სამუშაოების განხორციელებით”-ნათქვამია ანგარიშში.

როგორც სადამკვირვებლო მისია ამავე დოკუმენტში უთითებს:

• საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული პროაქტიული სამუშაოების შედეგად სააგენტომ საარჩევნო სიიდან 11 400–ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემი ამოიღო;

• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქოლცენტრის ოპერატორები ტელეფონით დაუკავშირდნენ 410 000-ზე მეტ მოქალაქეს ელექტრონულ ბაზაში ხარვეზის გამოსწორების მიზნით.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით მიმდინარე წლის სექტემბერში შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ანგარიშის თანახმად, მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას დაინტერესებული მხარეების უმეტესობას ამომრჩეველთა სიის სიზუსტესთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

Back to top button