საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესმა” რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტური მოკვლევის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც ასახავდა, თუ რა არარეალურ ფასად გაიყიდა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, დიღმის მასივში, 4 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 23 500 კვადრატულ მეტრზე მეტი შენობა-ნაგებობები.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენდა ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამოს” საკუთრებას, ხოლო მისი პირვანდელი დანიშნულება საწვრთნელი ბაზა იყო. (ცნობილი “დინამოს” საწვრთნელი ბაზა)
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ქონება 600 000 ლარად (?!) გაიყიდა. ანუ, გამოდის, რომ დიღმის მასივში, ერთი კვადრატული მეტრი მიწა 15,5 ლარად (?!) გასხვისდა, თანაც, ამავე ფასში შედიოდა მიწაზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებიც, 23 500 კვადრატულ მეტრზე მეტი საერთო ფართით.
მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, “ნიუსპრესმა” კითხვებით მიმართა ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამოს” გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილს, თუმცა მას ჩვენ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
აღსანიშნავია, რომ ზაქრო ვარაზაშვილი, კლუბის ამ სოლიდური აქტივების გასხვისების დროს, ფსკ “დინამოს” ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა.
მოგვიანებით, “ნიუსპრესის” ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტი, სადაც ფსკ “დინამოს” ხელმძღვანელობა, აღნიშნული აქტივების მიზერულ ფასად გასხვისებას ადასტურებს და ფაქტს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების და “ადგილობრივი თვითმმართველობის” ზეწოლით ხსნის.
მკითხველს შევახსენებთ, რომ დიღმის მასივში არსებული მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები 2011 წლის ზაფხულში გასხვისდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, კლუბის გამგეობის თავმჯდომარე გურამ საღარაძე და კლუბის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ზაქრო ვარაზაშვილი, 27 ხელმომწერთან ერთად, სკ “დინამო თბილისის” პრეზიდენტს, რომან ფიფიას, სკ “დინამო თბილისის” დირექტორს, ალექსანდრე შახოვს, სს “ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის” დირექტორს, ციცო სურგულაძეს და შპს “დინამო არენას” დირექტორს ნიკოლოზ ჯღარკავას მიმართავენ. 2013 წლის 5 ივლისით დათარიღებულ მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ფსკ “დინამოს” აქტივები სააკაშვილის ხელისუფლებისა და “ადგილობრივი თვითმმართველობის” ზეწოლის გამო გასხვისდა, თუმცა დაკონკრეტებული არაა პირი ან პირთა ჯგუფი, ვინც კონკრეტულად აღნიშნული ზეწოლა მოახდინა.
აგრეთვე, ჩვენი ინფორმაციით, ფსკ “დინამოს” არ განუხორციელებია სამართლებრივი რეაგირება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რათა, მათივე შეფასებით, “ზეწოლით გასხვისებული აქტივები” დაებრუნებინა, რაც, დადასტურების შემთხვევაში, დამატებით, ლეგიტიმურ კითხვებს გააჩენს.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ დოკუმენტის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ზაქრო ვარაზაშვილს კვლავ კითხვებით მივმართეთ.
გთავაზობთ წერილის და კითხვების სრულ ვერსიას, რომლითაც საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესმა” ფსკ “დინამოს” გენერალურ დირექტორს მიმართა:
ა.ა.ი.პ. ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დინამოს”
გენერალურ დირექტორს ზაქრო ვარაზაშვილს
შპს “ინფონიუსი”
როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2011 წლის 06 ივნისს ა.ა.ი.პ. ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა “დინამომ” გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული, დიღმის მასივში მდებარე, “დინამოს” საწვრთნელი ბაზის ტერიტორია.
აგრეთვე, ჩვენი ინფორმაციით, ტერიტორიის ფართი შეადგენდა დაახლოებით 39 000 (ოცდაცხრამეტი ათას) კვადრატულ მეტრს, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართი შეადგენდა დაახლოებით 24 000 (ოცდაოთხი ათას) კვადრატულ მეტრს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ქონება ა.ა.ი.პ. ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა “დინამომ” გაასხვისა 600 000 (ექვსასი ათას) ლარად, რაც, უძრავი ქონების ბაზრის იმდროინდელი მდგომარეობის მიხედვითაც კი, მიზერულ თანხას შეადგენდა.
ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამოს” მიერ მისი სოლიდური აქტივების გასხვისებას უკავშირებდით წინა ხელისუფლების მიერ თქვენი კლუბის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას.
ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც ფსკ “დინამოს” სახელით, 2013 წლის 05 ივლისს გაეგზავნა სკ “დინამო თბილისის” პრეზიდენტს, რომან ფიფიას, სკ “დინამო თბილისის” დირექტორს, ალექსანდრე შახოვს, სს “ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის” დირექტორს, ციცო სურგულაძეს და შპს “დინამო არენას” დირექტორს ნიკოლოზ ჯღარკავას.
მოვიყვანთ ციტატას დოკუმენტიდან, რომელსაც ხელს, თქვენს გარდა, კლუბის გამგეობის თავმჯდომარე ბ-ნი გურამ საღარაძე და კიდევ 27 პიროვნება აწერს.
“ძველი ხელისუფლების “ძალისხმევით” კლუბი იძულებული გახდა გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში, ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონების შპს საფეხბურთო კლუბი “დინამო თბილისისთვის” ე.წ. მიყიდვის ფაქტი, რომელიც სულ რაღაც 600 000 ლარად გადმოგეცათ. თქვენც ხომ იცით ბატონებო, რა პირობებში, რა მანიპულაციებით და ვისი ხელშეწყობით განხორციელდა აღნიშნული გარიგება? რომ არა ზეწოლა და კლუბის საქმიანობის მიზანმიმართული ხელისშეშლა სახელმწიფო სტრუქტურების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, აღნიშნული გარიგება არ შედგებოდა…
– ყოველივე ზემოაღნიშნულის საბოლოო შედეგი არის ის, რომ ფსკ “დინამო” აიძულეს მის საკუთრებაში არსებული საფეხბურთო კლუბ “დინამოს” წილი 10% გაესხვისებინა შპს “საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის” მაშინდელ მფლობელზე, შპს “ალპისტალ ჰოლდინგზე” (ოფშორში რეგისტრირებული) და ამავე დროს, 06.06.2011 წელს, მის საკუთრებაში არსებული “დინამოს” საწვრთნელი ბაზის ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს ქ. თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში არსებულ მიწის ნაკვეთს 38 692 კვ.მ და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს 23 718 კვ.მ. გასხვისდა მოიჯარეზე 600 ათას ლარად, რაც მარტივად მისახვედრია, რომ აშკარად არაადეკვატური ფასია და ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით კლუბის საკუთრებაში არსებული ქონების დაუფლებას”
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გვიპასუხოთ კითხვებზე:
- ვინ იყო დიღმის მასივის მე-3 კვარტალში არსებული მიწის ნაკვეთის მოიჯარე, რამდენს შეადგენდა იჯარის თანხა და არის თუ არა აღნიშნული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული. (აგრეთვე, გთხოვთ მოგვაწოდოთ იჯარით მიღებული სახსრებიდან საგადასახადო სამსახურში გადახდილი თანხების რეესტრი თარიღების და რაოდენობის მითითებით);
- კონკრეტულად ვისი ზეწოლით განხორციელდა ფსკ “დინამოს” ქონების მიზერულ ფასად გაყიდვა, რასაც თქვენ თავადვე ადასტურებთ?
- განახორციელეთ თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი აქტივობა, თქვენივე თქმით “იძულებით გასხვისებული ქონების” დასაბრუნებლად?
- თუ განახორციელეთ, გთხოვთ გვაცნობოთ უწყება, სადაც თქვენი პროტესტია დაფიქსირებული (სასამართლო, პროკურატურა და ა.შ.); აგრეთვე, გვაცნობეთ გასაჩივრების თარიღი.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის
შპს “ინფონიუსი”
14.09.2023 წ”
აღნიშნულ წერილზე ფსკ “დინამოს” გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. გონივრულ ვადაში პასუხის გაცემის შემთხვევაში სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს დააფიქსიროს მისი პოზიცია.
აგრეთვე, სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, დააფიქსიროს ნებისმიერი დაინტერესებული პირის ან ორგანიზაციის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით.
სააგენტო “ნიუსპრესი” განაგრძობს ჟურნალისტურ გამოძიებას კლუბის სხვა აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგებსაც საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.