კონსტანტინე ზარნაძე: „ნაცმოძრაობის“ წევრი ჩვენ გვადანაშაულებს წამლისა და იარაღის ჩადებაში, ხალხის დაჭერასა და წამებაში, როდესაც სხდომათა დარბაზში დღესაც უზით ფრაქციის წევრი, რომელსაც აღიარებული აქვს წამებაც, იარაღის ჩადებაც

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩვენ გვადანაშაულებს წამლისა და იარაღის ჩადებაში, ხალხის დაჭერასა და წამებაში, მაშინ, როდესაც სხდომათა დარბაზში დღესაც უზით ფრაქციის წევრი, რომელსაც აღიარებული აქვს წამებაც, იარაღის ჩადებაც, ამაზე სასჯელიც მოხდილი აქვს და ნასამართლობის ცნობა დღემდე არ აქვს მოტანილი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოსა და ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, კონსტანტინე ზარნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან თბილისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

“[ინციდენტთან დაკავშირებით] ვიდეო და აუდიო არ მაქვს, უბრალოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა და გამომიგზავნეს ვიდეო და ვნახე, როგორ აკრავდნენ [მანქანას სტიკერებს]. მხოლოდ ის ფაქტია აღბეჭდილი, როგორ აკრავდნენ სტიკერს, სადაც, არ ვიცი, გინება აწერია ჩემს მანქანას. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი, მთავარი ამბავია ის, რომ დაიწყეს პროვოკაციები, შეგნებული და მიზანმიმართული ნაბიჯები არეულობისკენ.

რისი თქმაც მინდოდა, სხდომათა დარბაზში მოხდა არეულობა, რის გამოც საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. ჩვენი საზოგადოება იმის ღირსი არაა, რომ მსგავსი სცენები გაიმართოს აქ, მაგრამ აქვე გეტყვით, რატომ მოხდა და რას მოჰყვა ეს ყველაფერი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩვენ, “ქართულ ოცნებას” გვადანაშაულებს წამლის ჩადებაში, იარაღის ჩადებაში, ხალხის დაჭერაში, ხალხის წამებაში, მაშინ, როდესაც სხდომათა დარბაზში დღესაც უზით ფრაქციის წევრი, თანამდებობის პირი, რომელსაც აღიარებული აქვს წამებაც, იარაღის ჩადებაც, ამაზე სასჯელიც მოხდილი აქვს და ნასამართლობის ცნობა დღემდე არ აქვს მოტანილი. ეს არის სიმართლე და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. არ მინდა სახელისა და გვარის დასახელება. მოიძიეთ ამაზე ინფორმაცია. მედია ხართ, “ნაციონალური მოძრაობის” თანამდებობის პირებს გადახედეთ, ნასამართლობის ცნობებს გადახედეთ, ვის რა აქვს აღიარებული და ვის რა აქვს ჩადენილი გადახედეთ და მიხვდებით”, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო.

Back to top button