“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე სექტემბრის პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. როგორც ქართველიშვილი წერს, საერთაშორისო ორბიტაზე საქართველო ინარჩუნებს სიმშვიდეს და ჯანსაღ თავდაჯერებულობას. “ამასობაში “ცხელი” პოლიტიკური შემოდგომის პირველი თვე იწურება. მისი მოკლე მიმოხილვა:
გვეწვია ჟოზეფ ბორელი, რათა შეეფასებინა – სტატუსის არმიცემა ითამაშებდა თუ არა “ბიკფორდის ზონარის” ეფექტს ხელისუფლების “აყირავებაში”. დაინახა, რომ ვერ ითამაშებდა. მიხვდა, რომ საქართველოს ალტერნატიული არსებობისა და გადარჩენის “სტატუსმიღმა” პერსპექტივებიც გააჩნია და დაბრუნდა სახლში საგონებელში;
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “მილედის” მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი მარჯვენა მხარი გაუშიშვლა მასზე “შროშანის სტიგმის” მოსათავსებლად. აქამდე, თავად მონაწილეობდა ხელისუფლების სტიგმატიზაციაში, აწი თავად მოუწევს სტიგმის ტარება – “კონსტიტუციის მიღმა პრეზიდენტის”;
სუს-მა “აისბერგის” იმ მწვერვალზე ისაუბრა, რაზეც შეიძლება რომ ესაუბრა სპეცსამსახურს. აისბერგის წყალქვეშა ნაწილიც ცნობილია და ის იძირება. და არც ხელისუფლებას ჰქვია “ტიტანიკი”, რომ რამე შეეჯახოს და ჩაძიროს იგი;
საერთაშორისო ორბიტაზე საქართველო ინარჩუნებს სიმშვიდეს და ჯანსაღ თავდაჯერებულობას;
ივანიშვილის პერსპექტივაზე გათვლილმა “ფარცხალაძის ტესტმა” ჩაილურის წყალი დალია;
გაძარცვული ევროპელი პენსიონერების ფულზე, “ედისონ რისერჩის” კვლევებმაც კი ვერაფერი უშველეს ნაც/ნუდისტების ხელისუფლებაში დაბრუნების მოლოდინებს, რომლებიც აგრძელებენ “დურაკას” თამაშს, ოღონდ ჩაცმაზე. მაგრამ საჭირო ტანსაცმლის არარსებობის გამო, ეს პროცესიც “ისე რა” მიმდინარეობს;
საჭირო დროსა და მომენტში, ნაცსექტანტების დიდი მეგობრის, დეპუტატ გავრილოვის ხან ჩამოსვლით, ხან პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით მსგავსად, ამ ჯერზეც მოევლინათ დასახმარებლად “ჩიპ ენდ დეილი” (ლავროვ/კალაშნიკოვი);
მაგრამ ნანა ჯანელიძის ფილმის ნახევრადსკანდალურმა პრემიერამ აიღო და ჩვენი პოლიტიკური ნუდისტების ყველა ამოტივტივებული თუ ერთი ადგილიდან გამოწოვილი თემები სრულიად გადაფარა. ეს – ძალიან მოკლედ. წინ – ოქტომბერი გვაქვს. თუ რამდენად “ცხელი”, ამასაც დავაკვირდებით,” – წერს ქართველიშვილი.