სოზარ სუბარი: არ გვინდა ასეთი განცხადებების მოსმენა ჩვენი პარტნიორებისგან. ყველაფერს უწოდონ თავისი სახელი და შეეშვან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობას

„ამერიკის შეერთებული შტატების გუშინდელი განცხადება იყო მართლაც გამაოგნებელი და გამახსენა რუსული განცხადებები, რომლებიც, როდესაც ბომბავდნენ პანკისის ხეობას, აცხადებდნენ რომ საქართველომ გადაღება თავისი თვითმფრინავები და თვითონ დაბომბეს თავისი თავები და არ გვინდა ასეთი განცხადებების მოსმენა ჩვენ, ჩვენი პარტნიორებისგან და ყველაფერს უწოდონ თავისი სახელი და შეეშვან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობას იმიტომ, რომ ეს არ და ვერ მოხდება  საქართველოში დღეს ამ ეტაპზე”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.

მისი შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები და გამოქვეყნებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ საქართველოში იგეგმება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვალა, სამოქალაქო არეულობა და დესტაბილიზაციის მცდელობები, არის აისბერგის წვერი და გაცილებით ბევრი ინფორმაცია არის დაგროვილი, რომელიც არ ვიცით და რაზეც საჭიროა შესაბამისი რეაგირებები და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა.

„არაძალადობრივი გზით ხელისუფლების  შეცვლის ტრენინგების და ასეთი  არაძალადობრივი გზით ხელისუფლების  შეცვლის უკან რაც იმალება, ძალიან კარგად ვიცით.  ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძალიან ბევრი რევოლუცია მოხდა, რომლებიც სწორედ არაძალადობრივი ლოზუნგებით იწყებოდა და შემდეგ საშინელი სისხლისღვრებით მთავრდებოდა. შედეგად მივიღეთ განადგურებული ეკონომიკები, ათეულობით მილიონი ლტოლვილი და ასეულ ათასობით ადამიანი გარდაცვლილი. საქართველო იყო პირველი ამ ჯაჭვში, სერბეთის შემდეგ, სადაც მოხდა მსგავსი გადატრიალება და აქაც ვითომ იმ საყოველთაო აღფრთოვანების შემდეგ მთელ მსოფლიოში, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, საბოლოოდ მივიღეთ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, მივიღეთ გაფორმებული ავტოკრატია და ერთი კაცის მმართველობა და ბოლოს მივიღეთ, სამწუხაროდ, ომი, რომლის თავიდან აცილებისთვის არაფერი გააკეთა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მეტიც თვითონაც ხელს უწყობდა ოკუპანტს, რომ როგორმე ეს კონფლიქტი გაჩაღებულიყო. საბოლოოდ კი მივიღეთ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა და ათასობით ახალი ლტოლვილი საქართველოში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 მისი განცხადებით,  მაშინაც, როგორც ახლა, სწორედ USAID-ის პროექტები იყო გამოყენებული  ახალგაზრდების დასატრეინინგებლად. როგორც დღეს, მაშინაც ასწავლიდნენ პოლიციის მიმართ ძალადობას, პოლიციის დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ა. შ. სხვათა შორის, USAID-ის პროექტის განმახორციელებელი იყო IREX, ამერიკული ორგანიზაცია, რომლის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახლდათ გარდაცვლილი პიტერ აკერმანი, ბაკურიანის რევოლუციური სცენარის ტრენერი.

„ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგს სახელად ერქვა „სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში” და ვითომ კულტურაზე რომ უნდა ყოფილიყო ლაპარაკი, იქ ტრენერები მსმენელებს ასწავლიდნენ ლენინის ცნობილი თეზებით როგორ უნდა მოეხდინათ რევოლუცია, რომ პროლეტარიატს დასაკარგი არაფერი არა აქვს. უბრალოდ, პროლეტარიატი ჩაანაცვლეს სტუდენტობით და მინდა ვუთხრა ქართველ სტუდენტობას, ქართველ ახალგაზრდობას, რომ დასაკარგი თუ ვინმეს აქვს, სწორედ მათა აქვთ ყველაზე მეტი, იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. და ამაზე დიდი ღირებულება არ შეიძლება რამე არსებობდეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი შეფასებით, როდესაც ვისმენთ, რომ ეს იყო „სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში” და სინამდვილეში რევოლუციას ასწავლიდნენ, კიდევ ერთხელ გასაგები ხდება რატომ გაგიჟდნენ ჩვენი პარტნიორები და მათი ადგილობრივი აგენტურა ენჯეოების გამჭვირვალობის აქტზე.

„იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამე აქვთ დასამალი, ძალიან ბევრი არის ისეთი, რისი გამჟღავნებაც მათ არ უნდათ. სხვათა შორის, დღემდე არ ვიცით, ვისგან ფინანსდებოდა აკერმანის რევოლუციური ტრენინგები ბაკურიანში.  დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, რომელიც არაერთხელ დასვა ჩვენმა მოძრაობამ „ხალხის  ძალამ”, ესწრებოდა თუ არა ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ბაკურიანში ამ რევოლუციურ შეკრებას. ჩვენ ვიცით ამაზე პასუხი, მაგრამ თვითონ არ იძლევა ამის პასუხს იმიტომ, რომ დასამალი აქვს”, – განაცხადა „ხალხის ძალის” ლიდერმა.

Back to top button