შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე-7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა იუსტიციის სამინისტროში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.
კომისიამ პარტიის „საქართველოსთვის” მიერ წარდგენილი საჩივრის შესახებ იმსჯელა და საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ის ფაქტები განიხილა, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია სხდომას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია ინტენსიურად – კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს.
სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.