ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა; მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის აი ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე

დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავარი ყურადღება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

„მინდა ვთქვა შემდეგი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ხედავთ რა ხდება ირგვლივ მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინა, ახლა ისრაელი, ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან შემაწუხებელი და ძალიან, ასე ვთქვათ, რთული გამოწვევა, არა მხოლოდ იმ რეგიონისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის ექნება ამას დიდი გავლენა.

ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის აი ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, იმპიჩმენტის საკითხი იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას კანდიდატის სტატუსზე.

„ყველაფერი კარგად იქნება. არავითარი გავლენა, რას ნიშნავს გავლენა ექნება ამას ?! ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, პოზიტიურია თუ არა ეს სიგნალი ბრიუსელისთვის.

„პოზიტიური არის იმ კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ მაგალითის მიმცემნი კანონის დაცვის და კონსტიტუციის დაცვის”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button