სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რამდენიმე ჩინოვნიკი ადგილზე USAID-ში ასე უდიერად ეპყრობა იმ კეთილ სახელს, რომელიც ამერიკელი ხალხის დახმარებას აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, USAID-ის მხრიდან დღემდე არ არის პასუხი, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხის არქონაც იმის დადასტურებაა, რომ 2020 წლის არჩევნებში USAID-ი ერეოდა არჩევნებში, როცა მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს ავრცელებდა, ხოლო თავად ორგანიზაციის ჩინოვნიკებმა იცოდნენ ეს და უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას.
„უკვე მერამდენე სკანდალია, რომელშიც USAID-ი ეხვევა და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი განვითარების სფეროში და ძალიან კარგად ვიცი, თუ რა როლი აქვს ამერიკულ დახმარებას საქართველოში. სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, რამდენიმე ჩინოვნიკი ადგილზე USAID-ში ასე უდიერად ეპყრობა იმ კეთილ სახელს, რომელიც ამერიკელი ხალხის დახმარებას აქვს საქართველოში და განმარტებებსაც არ ვისმენთ, რაღაც ერთწინადადებიანი განცხადებებია, რომლებიც წერილობით ქვეყნდება ხოლმე. დღემდე არ არის პასუხი, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხის არქონაც დადასტურება არის, რომ 2020 წლის არჩევნებში USAID-ი ერეოდა არჩევნებში იმით, რომ მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებდა ყალბ შედეგებს პარალელური დათვლისა, ხოლო თავად USAID-ის ჩინოვნიკებმა იცოდნენ ეს და უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას. ამ კითხვას მე არ შევეშვები და, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი საჭიროა მათი მხრიდან, თუმცა კიდევ ერთხელ, დუმილიც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დადასტურება არის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული შეკრული წრეა.
ერთის მხრივ, ხდება დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ უფრო რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ. შემდეგ ხდება მათი მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება და გვახსენდება ჩვენ განცხადებები ამ დროს ხოლმე სხვადასხვა უცხოელი აქტორის მხრიდან და, საბოლოო ჯამში, ხდება მათი მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს. ეს არის რეალურად ასეთი პროექტები თუ ასეთი დაფინანსება, ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით ჩვენ განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED – ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი დაფინანსებების შესახებ ასე შემთხვევით თუ გავიგებთ ხოლმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მალავდა, რომ მას ჰქონდა ამ ორგანიზაციის, EED-ის დაფინანსება, მალავდნენ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გახდა ცხადი, რომ ასეთი პროექტები აქვს, მხოლოდ მას შემდეგ აღიარეს, რომ აქვთ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ფული, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის (ევროპის დემოკრატიული ფონდი) მეშვეობით, საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში.
„ეს კიდევ უფრო უცნაური და ძალიან გულდასაწყვეტი საკითხია, როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ფული, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ფულს, აი, ეს ფული საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ევროკავშირს ამ ფონდის დაფინანსებას იღებს „დროა“, რომელიც არის არჩევნების უარმყოფელი ჯგუფი და ამავე დროს რადიკალიზმით გამოირჩევა. ამ ორგანიზაციამ გადაიხადა პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელიას გირაო. ეს ორგანიზაცია აფინანსებს „სირცხვილიას“ და მის იმ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას და ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, აი, ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და რომლებიც ძალადობენ აქციების დროს, აძლევს პირდაპირ კარტბლანშს ძალადობისთვის, რაც თავისთავად არ ემსახურება ქართველი ხალხის სიკეთეს და, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ევროკავშირის მხრიდანაც გვქონდეს განმარტებები, მათ შორის, წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან გვქონდეს განმარტებები, რასთან გვაქვს საქმე; ეს ფარული დაფინანსებები საქართველოში რამდენად ჯდება ევროკავშირის ღირებულებებში და, განსაკუთრებით, როდესაც ფული მიდის რადიკალურ ჯგუფებში, ემიჯნება ამას თუ არა ევროკავშირი, თუ ეს არის ის დაფინანსება, რომელზეც ფიქრობს, რომ არის სწორი. კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ეს ცენტი დახარჯული საქართველოში არის ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ დახარჯული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.