გურამ გურამიშვილი: შუა დერეფანი და საქართველო ცენტრალური აზიისა და ევროპის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის უსაფრთხო და სანდო ალტერნატივაა

„საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საზღვაო და სანავსადგურე ციფრული სისტემები ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის, განსაკუთრებით, შუა დერეფნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება რეგიონული და საერთაშორისო ვაჭრობისთვის,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზის გახსნით შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შუა დერეფნის მთავარი სატრანზიტო პუნქტის როლი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივი და უწყვეტი ვაჭრობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფანი და საქართველო წარმოადგენს უსაფრთხო და სანდო ალტერნატივას ცენტრალური აზიისა და ევროპის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. „შესაბამისად, საქართველოს ნავსადგურების გამტარუნარიანობისა და შესაძლებლობების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად, ხოლო აღნიშნულის მიღწევა თანამედროვე ციფრული სისტემებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია,” – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

„საქართველოს ლოგისტიკური და სატრანსპორტო განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატებისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) როლი საქართველოში საზღვაო გაციფრულების პროცესში,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველო, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცის ცენტრად გვევლინება, რომელსაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის პოტენციალი, მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია.

ნავსადგურების გაერთიანების სისტემა (PCS) არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას დაინტერესებულ მხარეებს შორის. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის დახმარებით და აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სანავსადგურო სექტორში ამჟამად მიმდინარეობს „საზღვაო ერთი ფანჯრის” სისტემის დანერგვა, რომლის საპილოტე ვერსიის ამუშავება იგეგმება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან.

მისი დანერგვა მოახდენს გემების გაფორმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციას და უფრო ეფექტურს გახდის გემის გაფორმების პროცესს. ნავსადგურის გაერთიანებული სისტემა გააუმჯობესებს სანავსადგურო და ლოგისტიკური პროცესების მართვას.

Back to top button