თამარ ჩიბურდანიძე: თამაზ გინტური მსხვერპლია როგორც ოკუპანტების, ასევე – სააკაშვილის პრორუსული პოლიტიკის

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოფელ კირბალასთან მომხდარ უმძიმეს შემთხვევას – საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას განცხადებით ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგს.

„უმძიმესი ფაქტი, რომელიც გუშინ, სოფელ კირბალასთან მოხდა, კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსული ოკუპაციის სასტიკ შედეგსა და ასევე, მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგსაც. თამაზ გინტური მსხვერპლია როგორც ოკუპანტების, ასევე – სააკაშვილის პრორუსული პოლიტიკის.

2005 წლამდე ცხინვალსა და აქეთ მყოფ სოფლებს შორის საზღვარი თითქმის წაშლილი იყო. ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. თითქმის დავიწყებას ეძლეოდა 90-იანი წლების ბოლოს ორივე მხრიდან დაშვებული შეცდომა და ძმათამკვლელი ომი. ქართველებმა და ოსებმა ისევ იპოვეს საერთო ენა. ასე, ჩუმად და უხმაუროდ ვიბრუნებდით ერთმანეთს. ეს ასეც უნდა გაგრძელებულიყო, თუნდაც გარკვეული კანონდარღვევის შემთხვევაშიც. ვგულისხმობ ერგნეთის ბაზრობას, რომელიც იმდენად არ აზარალებდა ბიუჯეტს, რამდენადაც აკეთებდა უფრო დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს.

ვაჭრობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში საუკეთესო საშუალებაა და რიგ ქვეყნებში სპეციალურად ხსნიან მსგავს სავაჭრო წერტილებს, რათა შეძლონ მხარეებს შორის ურთიერთობების აღდგენა.

თუმცა, ეს არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში. რუსეთს სურდა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სრული ოკუპაცია. მას არ აწყობდა მოძმე ერებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენა. მაგრამ, ამას მარტო ვერ შეძლებდა საქართველოდან მოკავშირეების გარეშე.

სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მაშინ, 2004 წელს, ჯერ ერგნეთის ბაზრობის აკრძალვის, ხოლო შემდეგ ცხინვალის რეგიონის გაფართოებისა და საზღვრების გავლების. სწორედ სააკაშვილის მიერ შემოხაზულ რუკას გაჰყვა რუსეთი და სწორედ იმ საზღვრებზე შემოავლო აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართები.

ასეთივე მდგომარეობა იყო აფხაზეთშიც. როგორც ვიცით, გალიდანაც და კოდორის ხეობიდანაც სოხუმში ყოველდღიური მიმოსვლა იყო ქართველების, ნელ-ნელა ლღვებოდა ყინული ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს ანადგურებდა ოკუპანტ რუსეთს და სწორედ ამას მოჰყვა 2008 წელი, რომელიც სააკაშვილის მთავრობის უგუნური და მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია.

რუსეთს აწყობდა მყარად შემოხაზული და ოფიციალურად აღიარებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ამ მიზნის მიღწევაში შეუწყო ხელი მას სააკაშვილმა და მთელმა მისმა გუნდმა. დღეს კი, ვითომ პატრიოტები, მიტინგებს მართავენ იმ რუსეთის წინააღმდეგ, ვისაც თავად დაუკანონეს საქართველოს ტერიტორიები.

ოპოზიციას მეტი სიფრთხილე მართებს. ხალხს სკლეროზი არ აქვს, ყველაფერი ახსოვს და რაც არ იცოდნენ, ყველაფერი გაიგეს ამ პერიოდში. ფრთხილად იყვნენ, ხელისუფლებისკენ მოქნეული მუშტი თავად არ მოხვდეთ. მათზე დიდი ხანია კბილებს ილესავს ქართველი ხალხი“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Back to top button