საქართველო ძალიან ობიექტური და – ვიტყოდი, რომ – მიუკერძოებელი მედიატორი, ფასილიტატორი და მეგობარია, რომელსაც ორივე ქვეყანა ენდობა. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. პირადად მაქვს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” – გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონში.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთავრობებმა მშვიდობის მისაღწევად. ამიტომ, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს წარმატების ისტორიაზე გესაუბროთ. მინდა გითხრათ რას მივაღწიეთ ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
„როდესაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, საქართველოს სტატუს-კვო იყო ასეთი: ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული იყო. კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ჩვენი რეალობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.
სამწუხაროდ, ომი რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა 2008 წელს. 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა. აფხაზეთსა და ოსეთშიც გვქონდა ომები. ეს ოკუპირებული ტერიტორიებია და მათ რუსეთის ფედერაცია უჭერდა მხარს მაშინ 90-იანი წლების დასაწყისში.
ამდენად, საქართველოს ბევრი პრობლემა და გამოწვევა უნახავს. 2008 წლის ომის შემდეგ კიდევ ერთი დიდი ომი გვქონდა, რომელიც დაიწყო უკრაინაში. ვფიქრობ, რომ ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაა, იმიტომ, რომ მოგვწონს თუ არა, შემდგომ ესკალაციის ან რთული სცენარების აცილებას ვეცდებით თუ არა, მას ჩვენზე მაინც აქვს გავლენა. ომს აქვს ჩვენზე გავლენა.
რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში – მეზობელ ქვეყნებში: სომხეთსა და აზერბაიჯანში – სიტუაცია ყველას გვაწუხებს. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველო ძალიან ობიექტური და – ვიტყოდი, რომ – მიუკერძოებელი მედიატორი, ფასილიტატორი და მეგობარია, რომელსაც ორივე ქვეყანა ენდობა. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. პირადად მაქვს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან.
ამიტომ, საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა პრემიერმა.