ეკა სეფაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ისეთი მაგრები და ყოჩაღები არიან, როგორც წარმოაჩენენ თავს, 5%-იანი ბარიერი როგორ ვერ უნდა გადალახონ?

„კვლევები, რომლებსაც ოპოზიცია ატარებს, სინამდვილეს არ ასახავს და რეალურად, საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება, რითაც ხალხს ეუბნებიან, რომ თითქოს „ოცნებას“ ცოტა მომხრე ჰყავს და მათი რეიტინგი კი იზრდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას თუ სურს წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში, სულ ცოტა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის არ უნდა ეშინოდეს.

„საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში თუ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაშინ იქნებოდა საუბარი მის დაწევაზე. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ეს განცხადება რელევანტური აღარ არის.

ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ისეთი მაგრები და ყოჩაღები არიან, როგორც წარმოაჩენენ თავს, 5%-იანი ბარიერი როგორ ვერ უნდა გადალახონ? ფაქტობრივად, 100 000 მომხრე მაინც არ უნდა ჰყავდეთ საქართველოში, რომ პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის უფლება ჰქონდეთ? შესაბამისად, კვლევები, რომლებსაც ისინი ატარებენ, სინამდვილეს არ ასახავს და რეალურად, საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება, რითაც ხალხს ეუბნებიან, რომ თითქოს „ოცნებას“ ცოტა მომხრე ჰყავს და მათი რეიტინგი კი იზრდება.

მინდა აღვნიშნო ერთი სასაცილო მომენტი „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით – მომავალში რა იქნება, არ ვიცი, ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ პარტია არ ვართ, ამ ფონზე კი კვლევებში 3 % მოგვცეს. ოპოზიციის წარმომადგენლები საკმაოდ ძლიერ მოთამაშედ აღგვიქვამენ. მით უმეტეს, რომ მახსენდება ერთი პარტია და მისი ლიდერი, რომელიც სულ წუწუნებს, რომ ამ კვლევებში არ გვახსენებენო. ე.ი. არსებულ პარტიას არ მოიხსენიებენ და ჩვენ, პარტია რომ არ შეგვიქმნია, პროცენტებს გვითვლიან. ეს დიდი მიღწევაა იმიტომ, რომ ჯერ არც პარტია ვართ, არც მომხრეებთან ვმუშაობთ. როცა ამას დავიწყებთ, წარმოიდგინეთ, მაშინ რას ვიზამთ.

რაც შეეხება GORBI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას, იქ 55% აქვს „ოცნებას“. აქ ჩვენი რეიტინგიც იგულისხმება, რადგან ერთად ვმოქმედებთ. ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა აბსოლუტურად არ არის, უბრალოდ ჩვენ გაცილებით მეტ სიმართლეს ვამბობთ, თუმცა, ბოლო პერიოდში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც არ ერიდებიან ამას“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა გიორგი გახარიას პარტიასა და ნინო ლომჯარიას პოლიტიკურ პლატფორმაზეც გააკეთა მცირე კომენტარი და აღნიშნა, რომ მათ ამომრჩეველი არ ჰყავთ.

„გახარიას პარტია, რომელიც დიდი მონდომებით ცდილობს პრეზიდენტთან ერთად კოალიციური წარმონაქმნის გაკეთებას, თავიდან ბოლომდე ტყუილზე აგებული პარტიაა. მათ თავდაპირველად საზოგადოება იმით მოატყუეს, რომ ამბობდნენ, თითქოს „ოცნების“ პროექტი იყვნენ, რის გამოც ბევრი მიიმხრეს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ძალიან მალე მიხვდა ხალხი, რომ გახარიას პარტია იტყუებოდა და ჩვენი პროექტი არ იყო, ამიტომ, დაკარგეს მკვეთრად ამომრჩეველი – თავდაპირველად 10 %-მდე თუ აიღეს, ახლა 3 % აქვთ კვლევებით. ეს პროცენტიც აღარ ექნებათ არჩევნებში.

ნინო ლომჯარია კი, რომელიც ცდილობს პოლიტიკური პლატფორმის დაარსებას, ის ადამიანია, საქართველოში ბომბების წვიმას რომ ნატრობდა. როგორ შეიძლება მან რაიმე სერიოზული პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს?“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Back to top button