
„ჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას – ვაშინგტონიდან ტოკიომდე.
„დანაღმულ ველზე წინსვლის მსგავსად შეგვიძლია ფრთხილად განვსაზღვროთ ის აქცენტები, რომლებმაც უნდა განაპირობონ ქვეყნის განვითარება უახლოეს 5-6 წელიწადში. არც მეტი ვთქვათ, ამ ეტაპზე, არც – ნაკლები; არც მწვადი დავწვათ, არც – შამფური…
სოხუმის, ცხინვალისა და თბილისის თანაცხოვრება სამივესთვის მისაღებ სამართლებრივ ფორმატში – იყო, არის და იქნება ქვეყნის მოკლევადიან, და არა – გრძელვადიან გეგმებში;
მსოფლიოს ყველა ის გავლენიანი სუბიექტი, ვინც ქართველების (დამიჯერეთ – ასევე, ოსებისა და აფხაზების დიდი ნაწილის) ამ სანუკვარ ოცნებას დაგვაახლოებს, საქართველოს მეგობარიც იქნება და სტრატეგიული პარტნიორიც – ამ კუთხით შესაძლებლობების ფანჯარა ყველას აქვს გახსნილი;
ჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში;
ჩვენი ეროვნული მიზნის მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას – ვაშინგტონიდან ტოკიომდე, მაგრამ, ამ გამოყენებას არც ჩვენთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ მოუთმენლობასა და არც სუბიექტურ მიუღებლობას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს;
საქართველოს ორგზის (1783 და 1920 წ.წ.) უკვე ჰქონდა რუსეთთან tet-a-tet მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარების წარუმატებელი მცდელობა. გვეყო, აღარ ვიჩქაროთ. ძლიერი და გავლენიანი შუამავლის მონაწილეობით „დავიჯავშნოთ“ ჩვენი წარმატებული მომავალი!
ვისაც საქართველოს ეს პერსპექტივა გაშინებთ – დაგინახეთ! „სტუკა-სტუკა“ – გამოდით! Game over“,- წერს დავით ქართველიშვილი.