საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც წელს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. სამუშაო სესიების დასრულების შემდეგ, მინისტერიალის მონაწილეები ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს.
მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ რეგიონის ფარგლებს გარეთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა ნატო, გაერო და ეუთო. სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საქართველომ 2017 წელს უმასპინძლა.