აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე -,,ხინოდან ხიხანამდე’’

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე -,,ხინოდან ხიხანამდე’’.

კონკურსის პირობები:

საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტო უნდა ეხებოდეს აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას და შინაარსობრივად ასახავდეს შემდეგ საკითხებს (ერთიანად ან ცალკ-ცალკე): კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გეოგრაფიულ სივრცეში. მატერიალურ ანდა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა კომბინაცია შინაარსობრივად ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება.

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 ორიგინალი ფოტოს ციფრული ვერსია “JPG” ფორმატით. ელ-ფოსტაზე: info@ajaraheritage.ge. ფოტოსთან ერთად ასევე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი; მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი); ძეგლის დასახელება, რომელსაც ეხება ფოტო, რაც ფოტოფაილის დასახელებაში უნდა აისახოს შემდეგნაირად: „ავტორის გვარი, ძეგლის დასახელება“.

კონკურსანტი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები. კონკურსის ფარგლებში წარმოშობილ საავტორო უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად კონკურსანტს; ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გარდა იმ პირისა, რომელსაც წარმოექმნება ინტერესთა კონფლიქტი; ფოტოს ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მისი პოლიგრაფიული მიზნებით გამოყენების მოთხოვნებს და იყოს არანაკლებ 24 მეგაპიქსელი. არ მიიღება ფოტომანიპულაცია, პროგრამულად დამუშავებული ან ინტერნეტიდან აღებული ფოტოები; აუცილებელი პირობაა რომ ფოტო გადაღებული იყოს კონკურსის გამოცხადების შემდგომ პერიოდში; გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამომსახველობა; ორიგინალურობა; კრეატიულობა; კომპოზიცია; გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფოტოტექნიკის ვაუჩერებით. I ადგილი: 2000 ლარიანი ვაუჩერი, II ადგილი: 1500 ლარიანი ვაუჩერი და III ადგილი: 1000 ლარიანი ვაუჩერი.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადააა 2024 წლის 15 მარტი.

Back to top button