„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გამართა.
მან ხაზი გაუსვა დღევანდელი თარიღის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია სიმბოლურად დაამთხვია 27 სექტემბერს. კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, დადგება დრო, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები მოივლიან მთელ საქართველოს და იტყვიან, რომ მათი „საქართველო აქაა”.
„დღეს 27 სექტემბერია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული – სოხუმის დაცემის დღე! ეს არის შემთხვევა, როდესაც დრო იარებს ვერაფერს უხერხებს, რადგანაც ქართველი ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილის ძალით მოკვეთის მცდელობას. 27 სექტემბერი, ფაქტობრივად, ოკუპაციის დაწყების დღეა და ჩვენი საარჩევნო კლიპის პრეზენტაციისთვის, სიმბოლურად, სწორედ დღევანდელი დღე შევარჩიეთ. ამ კლიპში ახალგაზრდა მუსიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში ჩადიან და გვიჩვენებენ როგორია ჩვენი საქართველო, თუმცა, უდიდესი ტკივილია, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი თვალით ვიხილოთ სოხუმი და ცხინვალი, გადავიღოთ ამ მშვენიერ ქალაქებში მსგავსი კლიპები. ძალიან სამწუხაროა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა, გავუზიაროთ ერთმანეთს ის უდიდესი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რომელსაც საოკუპაციო ხაზი უდიდეს მონატრებად აქცევს და რომლის შესახებ ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების თაობებს, სამწუხაროდ, მხოლოდ გადმოცემით სმენიათ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები, ერთად მოივლიან საქართველოს, ერთად იმღერებენ, რომ მათი საქართველო აქ არის და ერთად შექმნიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალს,”- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა თბილისელებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ყოველდღიურად იღებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ, ჩემს თბილისელებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ეს პატივიცემა და სიყვარული ყოველდღიურად იგრძნობა. ჩემო თბილისელებო, ამ პატივისცემას დაგიბრუნებთ გაკეთებული საქმეებით, კონკრეტული პროექტებით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენი ულამაზესი თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს, რათა მეტი სიცოცხლე შევიდეს ყველა უბანში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვიდეორგოლი მერობის კანდიდატმა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად წარუდგინა.