მართალია, საქართველოში დღეს აღარც დიქტატურაა აღარც მისთვის დამახასიათებელი ზემოხსენებული მოვლენები, მაგრამ საზოგადოება მაინც ვერ ახერხებს მორალური კრიტერიუმების დაწესებას ისე, რომ სირცხვილად და მიუღებლად ითვლებოდეს ამორალური ქცევები – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრით ცდილობს, თავისი იმიჯი გამოასწოროს, რისი საშუალებაც მას არ უნდა მიეცეს.
კაკაბაძე აღნიშნავს იმასაც, რომ სწორედ ქართული საზოგადოების გულგრილობა იფარავდა და დღესაც იფარავს დისკომფორტისაგან ზურაბიშვილის მსგავს ადამიანებს.
“ჩვენ და საზოგადოება
დიქტატორულ სახელმწიფოებში ცხოვრების წესის პრიორიტეტებს და მორალურ კატეგორიებს ხელისუფლება უსაზღვრავს საზოგადოებას, დემოკრატიულ ქვეყნებში კი თავისუფალი საზოგადოება თავად აწესებს ცხოვრების წესებს, დაუწერელ კანონებს, რომლების მიხედვითაც ესა თუ ის ქცევა საზოგადოებაში ითვლება მისაღებად ან მიუღებლად.
მაგალითად, შეიძლება არადემოკრატიული მმართველობის პირობებში რაღაც დროის განმავლობაში საზოგადოებისათვის მისაღები გახდეს ძალადობა, უსამართლობა, ურა პატრიოტიზმი, ბელადისადმი თაყვანისცემა და ა. შ.
ჩვენ ასეთი პერიოდი არცთუ შორეულ წარსულში უკვე გავიარეთ, როდესაც სახელისუფლო პროპაგანდის წყალობით საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კრიმინალთან ბრძოლის ლოზუნგით მისაღებად ითვლებოდა ბოროტმოქმედებად გამოცხადებული ახალგაზრდების ქუჩებში ჩახოცვა, ციხეებში მყოფი, დამნაშავეებად მიჩნეული პირების წამება, „უკანონოდ გამდიდრებულებისთვის“ ქონების ჩამორთმევა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და ა. შ.
მართალია, საქართველოში დღეს აღარც დიქტატურაა აღარც მისთვის დამახასიათებელი ზემოხსენებული მოვლენები, მაგრამ საზოგადოება მაინც ვერ ახერხებს მორალური კრიტერიუმების დაწესებას ისე, რომ სირცხვილად და მიუღებლად ითვლებოდეს ამორალური ქცევები.
არადა, სწორედ ეს ქმნის ჩვენი ცხოვრების წესს და როდესაც ეს წესი მორალური კატეგორიების დეფიციტს განიცდის, მაშინ სახეზეა საზოგადოების კრიზისი.
მაგალითად, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აღმოჩნდება
საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი,
კრიმინალი პოლიტიკოსების შეწყალების გზით გამათავისუფლებელი,
საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ლობისტი,
ამერიკული კანონის „რუსულ კანონად“ მონათვლის მხარდამჭერი,
პოლიციელებზე თავდამსხმელების აქტიური ქომაგი და წამხალისებელი,
ქვეყნის ცილისმწამებელი,
ეკლესიის მაგინებელთა გვერდით მდგომი
ათასი სხვა უბედურებისკენ მიდრეკილი ადამიანი, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ როდესაც ასეთი „პრეზიდენტი“ მოისურვებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრით თავისი ნულამდე დაცემული იმიჯის რეაბილიტაციას, მედიის, ბიზნესის, მეცნიერების, მედიცინის, კულტურის თუ სხვა სფეროების წარმომადგენლები მას უქმნიდნენ კომფორტულ ანტურაჟს.
ღირსეულმა საზოგადოებამ ასეთ თვითმარქვია ლიდერებს უნდა შეუქმნას მორალური დისკომფორტი.
ეს თუ ასე არ იქნა, მივიღებთ 100 წლის წინანდელ სიტუაციას, როდესაც ილია ჭავჭავაძე საზოგადოებამ (ან მისმა გულგრილობამ) ჯერ სიტყვით მოკლა, ხოლო შემდეგ მისი ტყვიით მოკვლა აღარ წარმოადგენდა განსაკუთრებულ ამბავს.
ილია მოკლა არა ბერბიჭაშვილმა, არამედ ისეთმა საზოგადოებამ, როგორიც დღეს იკრიბება სალომეს გარშემო და ამით ცდილობს მისთვის იმიჯის გამოსწორებას.
მანამდეც და მას შემდეგაც საზოგადოების გულგრილობა და ინდიფერენტიზმი არაერთი საამაყო ქართველის სიკვდილის თუ ბულინგის მიზეზი გამხდარა.
ის, რომ ვაჟა-ფშაველა ფაქტობრივად, მშიერი მოკვდა და საზოგადოებას ამ დროს საღათას ძილით ეძინა ან უარესს შვრებოდა, ის, რომ ფიროსმანის საფლავი არ იცის ერმა და მის დაკრძალვას 3 ადამიანი ესწრებოდა, ის, რომ გალაქტიონი სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილს ირჩევდა, მეტყველებს იმის დეფიციტზე, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ სალომეს ირგვლივ შეკრებილ ხალხში.
და იქნებ, მართლაც, სხვადასხვა დროს გამოვლენილმა ქართული საზოგადოების შურმა, ბოღმამ და გულგრილობამ გადახვეწა ქვეყნიდან ბევრი დიდი ქართველი, რადგან ეს შური, ბოღმა და გულგრილობა სალომესნაირებს იფარავდა და დღესაც იფარავს დისკომფორტისაგან და სწორედ მისნაირ ამორალურებს აძლევდა და დღესაც აძლევს უფლებას, რომ არა მარტო ჭკუა დაერიგებინა საზოგადოებისთვის, არამედ მორალიც ესწავლებინა.
სანამ ასეთი სიტუაცია არ შეიცვლება, მანამ საზოგადოებას ჯანსაღი ვერ დაერქმევა და ნამდვილი დემოკრატიისგან შორს ვიქნებით, განურჩევლად იმისა, ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმია თუ არადიქტატორული.” – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.