უკრაინის მიმართ საერთაშორისო დონეზე არსებულ ტენდენციაზე საუბრობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რადიკალურადაა შეცვლილი უკრაინისადმი დამოკიდებულება ომის დაწყებიდან დღემდე.
„ზოგადად ვნახოთ რა იწერება [უკრაინაზე] დასავლურ მედიაში – ერთგვარი შტურმი დაიწყო. ბოლო ერთი თვეა გაახსენდათ, რომ უკრაინაში არ არის დემოკრატია, არის კორუფცია, საუბრობენ ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებაზე, ასევე იმაზე, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. პარალელურად, დაიწყო ძალიან ცუდი პროცესები უკრაინელი ლტოლვილების მიმართ. მათთვის დახმარების შემცირებაზე ირლანდიაში, ნორვეგიაში, ჩეხეთში, ბრიტანეთში, შვედეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში საუბრობენ და პრაქტიკულად აიძულებენ ლტოლვილებს ან დაიწყონ მუშაობა, ან დაბრუნდნენ ქვეყანაში. მათი ქვეყანაში დაბრუნება კი, ძალიან ძნელად წარმოსადგენია, მითუმეტეს ზამთრის პირზე.
მცირდება ზოგადად უკრაინის დახმარება – აშშ-ს სენატმა არ დაამტკიცა 61 მილიარდის დახმარება, ბევრი ევროპული ქვეყანა საუბრობს ასევე დახმარების შემცირებაზე და ამ ფონზე ძალიან გაუჭირდება უკრაინას რაიმე წარმატების მიღწევა…
თუ აქამდე იყო ტენდენცია, რომ ყველას უნდა ეძახა უკრაინა იმარჯვებს, დღეს შეინიშნება სრულიად საპირისპირო განწყობა და ეს ძალიან ცუდია ზოგადად უკრაინისა და მისი ჯარის სულისკვეთებისთვის. კარგი იქნება, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გააგრძელებენ იმ დახმარებას, რასაც ჰპირდებოდნენ და რის იმედადაც უკრაინა იყო ამ ხნის განმავლობაში,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.