„პირობითად ხვალ, ევროკავშირი იმავე „რუსულ” კანონს მიიღებს, შესაძლოა ჩვენს ეროვნულ კანონზე უფრო უარესი და ანტიდემოკრატიული რედაქციით. პირობითად ზეგ, ევროკავშირმა ჩვენს შორის საკანონმდებლო თავსებადობის ფარგლებში, შესაძლოა საქართველოს დაავალდებულოს ასეთი კანონის მიღება,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და იხსენებს, თუ როგორ წარმოიშვა ამერიკული კანონი FARA-ს ქართულ რეალობაში დანერგვის იდეა:
„პირველად ამერიკული კანონი FARA ვთარგმნე და ხელმძღვანელობას გავაცანი 2014 წელს სუს-ის ანალიტიკური დანაყოფის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში. რა ინტერესს გამოიწვევდა მაშინ ჩემი ინიციატივა „ხორცის გამყიდველის” მძევლობაში მყოფ სამსახურში, თავად განსაჯეთ. მეორე სიცოცხლე ამ ინიციატივას შესძინა „ხალხის ძალის” გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე.
ჩვენი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ყველაზე მწვავე პერიოდი დაემთხვა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სამწუხარო დროს. გამოგიტყდებით, ყველაზე მძიმედ ასატანი იყო ჩემთვის შვილის ორმოცამდე პარლამენტში საკუთარი მისამართით „ენჯეოებისა” და „ოფშორმედიების” მხრიდან საპროვოკაციოდ განკუთვნილი შეძახილები. „მონა”, „მოღალატე”, „თქვენს გარდაცვლილ შვილს თუ მოეწონებოდა თქვენი პოზიცია”, „საფლავზე რომ მიხვალთ, რას ეტყვით თქვენს შვილს” და ა.შ. ამას მოჰყვა 7-8 მარტის სამარცხვინო აქციები.
ჩემთვის ორმაგად სამარცხვინო იმიტომაც, რომ თითქოსდა ჩემთვის უახლოესი ნათესავების, შვილის მეგობრების ახალგაზრდულმა ფრთამ აქციებზე ამ ლოზუნგების გაზიარებით მეც, მათთვის კარგად ნაცნობი „ბაჩოს მამაც” ამ „მოღალატეთა” და „მონების” რიცხვს მიმაკუთვნა. არ მოგატყუებთ და ბევრ მათგანთან გარკვეული დროის გავლის შემდგომ, ურთიერთობები დამილაგდა, ვინაიდან მიხვდნენ რა უმსგავსო კამპანიის მონაწილენი გახდნენ. ვერ მოგატყუებთ და ზოგიერთის მიმართ იმ დღეებში გაჩენილი ბზარი ჩვენს შორის დღემდე გადაულახავ უფსკრულს წარმოადგენს, რაც არ შეიძლება არ მაწუხებდეს.
პირობითად ხვალ, ევროკავშირი იმავე „რუსულ” კანონს მიიღებს, შესაძლოა ჩვენს ეროვნულ კანონზე უფრო უარესი და ანტიდემოკრატიული რედაქციით. პირობითად ზეგ, ევროკავშირმა ჩვენს შორის საკანონმდებლო თავსებადობის ფარგლებში, შესაძლოა საქართველოს დაავალდებულოს ასეთი კანონის მიღება. მე ნაკლებად მაღელვებს, რა ნამუსით გააკეთებენ ამას ევროკავშირის ის ელჩები, რომლებიც 7-8 მარტის აქციების „მოლოტოვის” კოქტეილების „თანამსროლელთა” როლში ვიხილეთ.
ამაზე მეტად, მე იმ ახალგაზრდების, ჩემი შვილების მეგობრების და ნათესავების პოზიცია მაღელვებს – დავრჩები თუ არა პირადად მე მათ თვალში „მონა” თუ „მოღალატე”. თორემ მე კვლავინდებურად ვივლი შვილის საფლავზე და ეკლესიურად მის უკვდავ სულთან ყოველ შეხებისას, მის სულიერ მზერას თავისუფლად გავუსწორებ თვალებს. თქვენ? თქვენ თვალებს გამისწორებთ? მე ძალიან მინდა, ასე რომ მოხდეს„, – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.