დიმიტრი ხუნდაძე: ნურც სალომე ზურაბიშვილის იმედი გექნებათ – მან თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ

“სულ რამოდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით,” – ასე მიმართა რადიკალურ ოპოზიციას “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხუნდაძის თქმით, რადიკალებს ამ გამარჯვების მითვისება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

“თქვენი ევროპელობის სურვილიც ყალბი რომ იყო, თავადვე ამხილეთ საკუთარი გუნდის წევრები, რომ მათ სტატუსის მინიჭება არ სურდათ და ხელისშესაშლელად დადიოდნენ ევროპაში, მაგრამ საბედნიეროდ არ გამოუვიდათ და ქვეყანა რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ წინსვლას.

ეს ზეიმიც გინდოდათ მიგეთვისებინათ, მაგრამ ხელში შეგრჩათ დიდი დროშა და ცოტა ხალხი.

ნურც პრეზიდენტის იმედი გექნებათ. მან თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ? სულ რამოდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით.

ხომ ნახეთ, რომ თურმე არც მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და არც კვდება. მოფერიანდა და არჩევნებისთვის ემზადება. თუმცა, მარტო ის არ ემზადება. გულწასულ და სულწასულ ოპოზიციას არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამზადებენ რევოლუციამიუღწეველი ლობისტები. შემდგომისთვის იმიტომ, რომ არჩევნებში მათგან არაფერი გამოვა.

NDI-მაც შეაშველა თავისი კვლევა, თითქოს 62% ამომრჩევლებისა გადაუწყვეტელია და ამით ქვეყანაში სურთ მე-3 ძალის მოთხოვნის ცრუ განწყობა შექმნან. მაგრამ NDI ისევე აცდება არჩევნების რეალურ შედეგებს, როგორც ის აცდა წინა 8 შემთხვევაში, თუმცა, “ქართული ოცნების”უპირატესობა

მაინც ვერ დამალა, რადგან სიცრუე მაინც მჟღავნდება და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ასე მძიმეა ტყუილის ავტორობა, ასე მძიმეა ცალ ფეხზე დგომა, ასე მძიმეა აგენტობა და მონური ფსიქოლოგია და ასე უპერსპექტივოა ორმაგი სტანდარტების თამაში.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა. ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას,” – განაცხადა ხუნდაძემ.

Back to top button