იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ პანელური დისკუსია ,,საკუთრების უფლება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვებინარი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. ონლაინ შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი მონაწილეობდნენ.
„თემის მთავარმა მომხსენებელმა საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა და პროფესორმა ვაიოს კოუტრულისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების და დაბრუნების უფლების ზოგად საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე ისაუბრა, ხოლო საერთაშორისო სამართლის მკვლევარმა მარიამ ბეჟანიშვილმა საკუთრების უფლების ჭრილში, უშუალოდ აფხაზეთში არსებული სიტუაცია მიმოიხილა. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ დისკუსია ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.
დისკუსიას მოდერირებას ფულბრაითის უნივერსიტეტის მკვლევარი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საბა ფიფია უწევდა. შეხვედრა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.