“ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ამჯერად მრგვალ ბაღში შეხვდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თბილისში დაწყებული წარმატებული რეფორმებისა და მასშტაბური პროექტების განხორციელება კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
“საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება და ჩვენ მოსახლეობასთან, კამპანიის ფარგლებში, ბოლო შეხვედრებს ვმართავთ. ამჯერად, ვაკის მოსახლეობას მრგვალ ბაღში შევხდი.ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, სადაც ქალაქის და კონკრეტულად ვაკის შემდგომი განვითარების შესახებ ჩვენი ხედვები გავცვალეთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მათი ჩართულობით, ჩვენ, ყველანი ერთად, ამ რაიონის შემდგომი განვითარებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.