ზუგდიდში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ანა წითლიძის ბრალდებას, თითქოს მმართველი პარტიის წევრები მოქალქეებისთვის პირადობების ჩამორთმევას ახდენდნენ, დამარცხებისთვის განწირული პარტიის უნიჭო ფანტაზიას უწოდებს ქართული ოცნების პროპორციული სიის წევრი და ზუგდიდის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა. მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ფანტაზიები ამჯერადაც უცვლელია და მათი კანდიდატის შემხედვარე სააკაშვილის პარტია იძულებულია სიცრუის შეთხზვით დაკავდეს.„ნაციონალების ფანტაზიები უცვლელია, ამათ კრეატივის შეტანაც არ შეუძლიათ, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ, „ნაციონალურ მოძრაობას” ყავს მერობის კანდიდატი, რომელიც პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩენო შეხვედრებს, რადგან დარწმუნებულია იმაში, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს. ნაციონალურ მოძრაობას ყავს მერობის კანდიდატი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან დგას და შეურაცხყოფას აყენებს იმ პირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ აფხაზეთს 1992-93 წლების ომის დროს. „ნაციონალურ მოძრაობას” ყავს მერობის კანდიდატი, რომელიც ელემენტარულ ინფორმაციასაც არ ფლობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე და იმ გამოწვევებზე, რაც ამ მუნიციპალიტეტში დგას. აქედან გამომდინარე ისინი ხედავენ, რომ არანაირი წარმატების შანსი არ აქვთ” – განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.როგორც საკრებულოს წევრი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანას:
„ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის. ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, სხედან ახლა თავიანთ ოფისებში, თხზავენ რაღაც სიცრუეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 3 ოქტომბერს გარკვეულწილად დესტაბილიზაცია შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მათ ეს არ გამოუვათ და ქართველი ხალხი 2 ოქტომბერს მათ საკადრის პასუხს გასცემს” – აცხადებს ირაკლი ლაგვილავა.