კახა კალაძე: გელოდებით არჩევნებზე! ხვალიდან ისევ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისზედა თბილისის განვითარებაზე!

პარტია “ქართული ოცნების” დედაქალაქის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილისელებს მიმართავს.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო!

მივესალმები ჩემს ძვირფას თბილისელებს!

დღეს 1-ლი ოქტომბერია – დღე, როდესაც გაიმარჯვა საქართველომ. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველ ხალხს აქვს ამბიცია, იცხოვროს სახელმწიფოში, სადაც ღირსება, თავისუფლება და დემოკრატია არის დაცული.

დღევანდელ დღეს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის – „ქართული ოცნების” შემქმნელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის გარდამტეხ მომენტში მომცა პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა, თავისი ნდობით, მხარდაჭერითა და რჩევით, ხელი შეუწყო სრულიად ახალ საქმეში ჩემს წარმატებას. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისათვის, რომ მომავალშიც გავამართლო ის ნდობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გამომიცხადა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავამართლო ხალხის ნდობა, რომელიც 2012 წლიდან ყოველდღიურ მოტივაციასა და ენერგიას მაძლევს.

მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება დგას შრომისმოყვარე, პროფესიონალი მოქალაქეების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული გუნდისა და პატრიოტი პოლიტიკოსების მხრებზე!
ჩვენი მიზნები ნათელია, ჩვენი სურვილები აბსოლუტურად გულწრფელი. ამიტომ, ვერანაირი დესტრუქცია და ღალატი ვერ მიაყენებს ზიანს იმ გზას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და გუნდმა აირჩია – ეს არის თავისუფალი, ევროპული, კეთილდღეობითა და სიცოცხლით სავსე საქართველო!
დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თბილისს – ქალაქს, რომელიც თავადაა განახლებისა და სიცოცხლის სიმბოლო. ქალაქს, რომელსაც საკუთარი სტილი და გემოვნება აქვს. ქალაქს, სადაც ყველა დეტალს, ყველა წვრილმანს უდიდეს ყურადღებას უთმობენ. ქალაქს, რომელიც თავად გკარნახობს წესებს.

თბილისს აქვს ჯანსაღი ამბიცია, ჰქონდეს ღირსეული არჩევანი. 2017 წელს, როდესაც მე გავაკეთე ჩემი არჩევანი და გადავწყვიტე თბილისის მერად მეყარა კენჭი, ვიცოდი რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. განვლილმა ოთხმა წელიწადმა ეს პასუხისმგებლობა ჩემში ასჯერ მეტად გაზარდა.

უამრავი გამოწვევა, პრობლემა დავძლიეთ, გადავდგით არაპოპულარული ნაბიჯებიც. შედეგი არის ის, რასაც ყველა ხედავს: განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამწვანებული თბილისი, რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, ახალი სპორტული მოედნები, ახალი სტანდარტით აშენებული საბავშვო ბაღები, მოწესრიგებული მიწისქვეშა გადასასვლელები, გაცოცხლებული ისტორიული უბნები, ახალი გზები, განახლებული ინფრასტრუქტურა, სოციალური პროექტები, რომლებმაც ათასობით თბილისელის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა – სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, საკუთრებაში გადაცემული წლების განმავლობაში დაუკანონებელი ქონებები, დაუსრულებელი მშენებლობებისგან გაწამებული ოჯახებისთვის პრობლემის მოგვარება და მრავალი სხვა.

მეგობრებო, მე ვასრულებ ჩემს საარჩევნო კამპანიას და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სიყვარული თბილისის მიმართ. ჩემი სპორტული კარიერის დროს ძალას და ენერგიას მმატებდა სურვილი და ჟინი ჩემი პატარა ქვეყანა მესახელებინა – იტალიას, ევროპას, მსოფლიოს გაეგო, რომ საქართველოდან ვარ.

ამის შემდეგ, პოლიტიკური კარიერა დავიწყე ერთადერთი სურვილით – სამშობლოსთვის მემსახურა და ის სიყვარული, რაც როგორც სპორტსმენმა დავიმსახურე, როგორც ხალხის სამსახურში მყოფ პოლიტიკოსს გამემყარებინა.

რა არის ადამიანის ბედნიერება? საყვარელი ოჯახი, საინტერესო საქმე, როცა შენი ყოველდღიური შრომით, ქმედებებით ადამიანებს აბედნიერებ, შედეგის დაფასება და განვითარებისკენ, სრულყოფისკენ სწრაფვა. დიახ – მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი კაცი ვარ – ვამაყობ ჩემი ანუკით, ვხარობ ჩემი შვილებით და ყოველ დილას მიმეჩქარება სამსახურში – ჩემი თბილისის და თბილისელების სამსახურში!

რა არჩევანი გვაქვს დღეს და რას ვპირდებით თბილისს?

ამ კითხვას ყველამ უნდა ვუპასუხოთ – მათაც, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს, ცხოვრობს ამ ქალაქში, ზრდის თავის შვილებს, შვილიშვილებს და საკუთარ მომავალს ამ საოცარ ქალაქს უკავშირებს. თბილისი ყველას ქალაქია და მის ბედზე გადაწყვეტილებაც ყველამ ერთად უნდა მივიღოთ.

აქვე ვიტყვი, რომ როგორც მერმა, მინდა მადლიერებით მოვიხსენიო ჩემი წინამორბედების ყველა ის ნაბიჯი, რაც დადებითად აისახა დედაქალაქზე და თბილისელებზე.

მეგობრებო, მთელი კამპანიის განმავლობაში, ყველა შეხვედრისას, მაქსიმალურად ვეცადე მომეყოლა ჩემი შემდგომი გეგმები, განმევრცო ის პროექტები, რაც დავიწყეთ ან რაც დამატებით უნდა განვახორციელოთ.

მიხაროდა თითოეული ჩამორთმეული ხელი, მადლობის სიტყვა, იმედიანი შეძახილი თუ კითხვები და რჩევები. მთელი გუნდი მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საქმიანი, თბილისის განვითარებაზე ორიეტირებული წინასაარჩევნო კამპანია გვეწარმოებინა, მიუხედავად კონკურენტების მიერ შექმნილი აგრესიითა და სიცრუით გაჯერებული ფონისა.

დღეს თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია, როგორ ქალაქში გვინდა ვიცხოვროთ. ჩვენს მომავალს ყოველთვის ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თავს უფლებას მივცემ, კიდევ ერთხელ გთხოვოთ მხარდაჭერა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა დედაქალაქში შექმნილი სიკეთეები თითოეულ უბნამდე, თითოეულ თბილისელამდე მივიტანოთ და არავის მივცეთ საშუალება, რომ თბილისის განვითარების ბედი სასწორზე დააყენოს.

2 ოქტომბრის არჩევნები არის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნები. ხვალ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი გარემო, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა გავამწვანოთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი, როგორ უნდა ვიზრუნოთ უკეთ ერთმანეთზე.
თუმცა, ხვალინდელ არჩევნებს აქვს სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობაც. ხვალ არჩევნებზე მოსვლით, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ თბილისი და დავიცვათ საქართველო.
მჯერა, თბილისის არჩევანი იქნება განვითარება და აღმშენებლობა, თბილისის არჩევანი იქნება მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.

გელოდებით არჩევნებზე! ხვალიდან ისევ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისზედა თბილისის განვითარებაზე!”- აცხადებს კალაძე.

 

Back to top button