ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ნაცმოძრაობის ტელევიზიებს, ტრადიციულად, ნუ შეეცდებიან ხელოვნური აჟიოტაჟით შექმნან ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოზე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, დღე, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში აირჩნენ ყველაზე ღირსეული კანდიდატები მერებად და საკრებულოს წევრებად.

შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ.

დღეს დილის 8 საათზე საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად გაიხსნა და საარჩევნო პროცედურები რაიმე არსებითი ხარვეზის გარეშე წარიმართა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის, განსაკუთრებით, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნებისმიერ პროვოკაციას მაქსიმალური სიმშვიდითა და მოთმინებით შეხვდნენ. ნუ მივცემთ პროვოკატორებს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

ასევე, მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილ ტელევიზიებს, მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციის წინააღმდეგ, ნუ შეეცდებიან ხელოვნური აჟიოტაჟით შექმნან ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ.

დარწმუნებული ვართ, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართული საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში” – აცხადებს კობახიძე.

 

Back to top button