„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დღევანდელ გამარჯვებას მივულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პარტიას დაუჭირა მან მხარი.
რადგან „ქართული ოცნების” დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ.
ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ.
დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს სამი წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისს და თბილისელებს დღევანდელი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ეს გამარჯვება მაძლევს ახალ სტიმულს, რომ გაორმაგებული ენერგიით ვიზრუნო და ვიშრომო თბილისის განვითარებისთვის, თბილისელების წინაშე არსებული საკითხების გადაჭრისთვის, მეტი სიცოცხლის შესატანად თბილისის თითოეულ უბანში.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. განსაკუთრებული მადლობა თბილისს!” – განაცხადა კალაძემ.