„ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ეს ყველაფერი არის იმისი გარანტია, რომ შემდეგი სამი წელი იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების სამი წელიწადი. აქედან გამოდინარე, გილოცავთ კიდევ ერთხელ 2 ოქტომბრის გამარჯვებას, რაც არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს.
მისი შეფასებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელსაც აქვს თავის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც არ სურს წარსულში დაბრუნება, არ სურს ძალადობა, რომელმაც უარი უთხრა სიცრუეს და ამ საზოგადოებას სურს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებში კიდევ უფრო მეტად და დამატებით კიდევ ერთხელ გაიმყარა თავისი დემოკრატიული მანდატი.
„ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ ამომრჩეველთა ხმების 47% ანუ გავიმეორეთ ის შედეგი, რომლიც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ” ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა საერთო ეროვნულ არჩევნებში, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებისგან „ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენი დემოკრატიული მანდატი არის შესაბამისად ძალიან ძლიერი”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ ის ექვსთვიანი საბოტაჟი, რომელიც გამოუცხდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ქვეყნას რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
„ამ არჩევნებით დადასტურდა ის, რომ წინა არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობდა გაყალბებაზე საუბრისათვის. გაყალბებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ პივიტის ჭრილში ან იმ რიტორიკის ჭრილში, რომელიც ჰქონდა მაშინ რადიკალურ ოპოზიციას. საპარლამენტო არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.