გია აბაშიძე ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ცესკომ ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა, თავის facebook გვერდზე ეხმაურება:
,,ცესკომ სახალხო დამცველს და სამოქალაქო სექტორს ღია წერილით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტების გამო. ცესკოს ინფრომაციით, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა, რაც საჯაროდ აქტიურად ვრცელდებოდა.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიასა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარსული და აწმყო მიკერძოებული ქმედებებიდან გამომდინარე, ნაკლებად მგონია, რომ ამ თემაზე საჯარო რეაგირება ექნებათ. რამდენი თავდასხმა იყო 2018 წელს, საარჩევნო კამპანიისას, ქალბატონ ზურაბიშვილზე, დღემდე რამდენი სიბინძურე იფრქვევა “ნაციონალური მოძრაობისათვის” მიუღებელი საჯარო პირებისადმი, განსაკუთრებით ქალებისადმი. ვინმეს ახსოვს ლომჯარიას, გიგაურის, პატარაიას და სხვათა ობიექტური პოზიციონირება?
ძალიან საინტერესო იქნება უფლებადამცველობაზე პრეტენზიების მქონეთა რეაქცია. შებედავენ კი ქალთმოძულე, კაცთმოძულე ნიკა გვარამიასა და დესტრუქციულ ფლანგს? ეჭვი მეპარება. რამე იაფფასიან არგუმენტაციას მოიფიქრებენ თავის გასამართლებლად. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე!” – წერს გია აბაშიძე.